„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნინო დათაშვილის პატიმრობის შესახებ.
„სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მსგავსად, შეიცავს მხოლოდ ზოგად, ბუნდოვან და აბსტრაქტულ მსჯელობას. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ნინო დათაშვილის მხრიდან არსებობს „დანაშაულებრივი” საქმიანობის გაგრძელების, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. თუმცა აღნიშნულ საფრთხეებს ფაქტობრივი გარემოებებით ვერც ერთი ინსტანცია ადასტურებს“, — აცხადებს PHR, რომელიც ნინო დათაშვილს იცავს.
PHR აღნიშნავს, რომ მიუთითა ყველა ის გარემოება, რომელიც ადასტურებდა, რომ ნინო დათაშვილის მხრიდან არ არსებობდა „დანაშაულებრივი” საქმიანობის გაგრძელების, მიმალვის ან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, შესაბამისად, პატიმრობის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება იყო უკანონო.
„სააპელაციო სასამართლო განჩინებაში განმარტავს, რომ ნინო დათაშვილის მხრიდან იმდენად მაღალია მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, რომ დაცვის მხარის მიერ მითითებული გარემოებები ვერ ამცირებს მითითებულ რისკებს და გავლენას ვერ ახდენს პატიმრობის მართლზომიერებაზე. კონკრეტულად რა გარემოებებზე დაყრდნობით მსჯელობს სააპელაციო სასამართლო საფრთხეებზე, განჩინებაში მითითებული არ არის“, — აცხადებს „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“.
PHR საჩივარში უთითებდა, რომ ნინო დათაშვილი თავად იყო მანდატურის თანამშრომლების მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, შესაბამისად, უდანაშაულო ქალი იმყოფებოდა პატიმრობაში. ასევე, PHR-მა მოითხოვა ზეპირი მოსმენის ჩანიშვნა, რადგან სასამართლო პროცესზე, ნინოს თხოვნის მიუხედავად, მოსამართლემ არ განმარტა მისთვის გირაოს გამოყენებაზე უარის საფუძველი. სააპელაციო სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნულ საკითხებზე არ მსჯელობს.
ამ თემაზე:
„ერთი თვე მაინც რომ ვიყო თავისუფლებაზე?“ — ნინო დათაშვილის გზა სასამართლოდან ქალთა კოლონიამდე