ახალი ამბები

საპატრიარქომ შეაჩერა მარნეულის საეპისკოპოსოს განაჩენი, შინჯიკაშვილისთვის ზიარების აკრძალვის შესახებ

22 ივნისი, 2025 •
საპატრიარქომ შეაჩერა მარნეულის საეპისკოპოსოს განაჩენი, შინჯიკაშვილისთვის ზიარების აკრძალვის შესახებ

საქართველოს საპატრიარქო აქვეყნებს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხელმოწერილ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც შეჩერებულია გიორგი შინჯიკშვილისთვის ზიარების აკრძალვის შესახებ განჩინება.

ამ საკთხზე საპატრიარქოს სინოდალურმა კომისიამ გაფართოებული შემადგენლობით იმსჯელა 19 ივნისს, რის შემდეგაც პატრიარქს მიმართეს, რომ შეეჩერებინა აკრძალვა. ილია II-მ გადაწყვეტილებას ხელი 21 ივნისს მოაწერა.

საპატრიარქოს ინფორმაციით, გადაწყვეტილება შეჩერებულია “საქმესთან დაკავშირებულ სხვა დეტალებში გარკვევამდე.

რა ხდება?

6 ივნისს, მარნეულისა და ჰუჯაბის საეპისკოპოსო სასამართლომ ქვემო ქართლის რწმუნებულის ყოფილ მოადგილეს, გიორგი შინჯიკაშვილს ზიარება აუკრძალა. საეპისკოპოსო სასამართლომ შინჯიკაშვილს ეპარქიის ეპისკოპოსის, გიორგი ჯამდელიანის მკვლელობის მცდელობა დაუდგინა.

“ბრალდებულს გ.შ.-ს, გულწრფელ სინანულამდე, აეკრძალოს წმინდა და საღვრთო ზიარების მიღება, ხოლო სინანულის შემთხვევაში დაექვემდებაროს წმინდათა შორის ჩვენი მამის, ბასილი კესარიელის 56-ე კანონის დადგენილებებს და ოცი წელი დაჰყოს უზიარებელმა”, – წერია განჩინებაში, რომელსაც ხელს თავად გიორგი ჯამდელიანი აწერს.

ოქმის მიხედვით, საეპისკოპოსო სასამართლოზე გამოკითხეს თავად შინჯიკაშვილიც. გარდა ამისა, გამოიკითხა ბრალმდებელი მონაზონი თ.კ. [სავარაუდოდ, საუბარია თეკლა კუბლაშვილზე]. გამოიკვლიეს მოწმეთა ჩვენებები და სხვა ფაქტობრივი მტკიცებულებებიც.

ეს გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის უცნობი იყო იქამდე, სანამ ორი დღის შემდეგ, 8 ივნისს, ამაზე თავად ეპისკოპოსმა ჯამდელიანმა არ ისაუბრა ამბიონიდან, გადაგების დროს.

“ერთი წლის განმავლობაში ამუშავებდნენ [მონაზონს] და ეუბნებოდნენ მას, რომ ან უნდა ჩაუყარო საჭმელში საწამლავი, ან მოგცემთ, მოუსვამ ხელზე და ერთ საათში ის აღარ იქნება, აი, ასეთი მოვლენები და ვითარება არის ეპარქიაში”, – განაცხადა ჯამდელიანმა.

იმავე დღეს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლით დაიწყო გამოძიება.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი