მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის საეპისკოპოსომ ქვემო ქართლის რწმუნებულის ყოფილ მოადგილეს, გიორგი შინჯიკაშვილს ზიარება აუკრძალა. საეპისკოპოსო სასამართლომ შინჯიკაშვილს ეპარქიის ეპისკოპოსის, გიორგი ჯამდელიანის მკვლელობის მცდელობა დაუდგინა. საეპისკოპოსოს სასამართლოს ოქმი 6 ივნისით თარიღდება.
“ბრალდებულს გ.შ.-ს, გულწრფელ სინანულამდე, აეკრძალოს წმინდა და საღვრთო ზიარების მიღება, ხოლო სინანულის შემთხვევაში დაექვემდებაროს წმინდათა შორის ჩვენი მამის, ბასილი კესარიელის 56-ე კანონის დადგენილებებს და ოცი წელი დაჰყოს უზიარებელმა”, – ვკითხულობთ განჩინებაში, რომელსაც ხელს თავად გიორგი ჯამდელიანი აწერს.
აქვე აღნიშნულია, რომ შინჯიკაშვილის შეწყალების უფლება სხვა სასულიერო პირს არ შეუძლია. თუმცა ოქმის გასაჩივრება შესაძლებელია სამმართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდში.
ოქმის მიხედვით, საეპისკოპოსო სასამართლოზე გამოკითხეს თავად შინჯიკაშვილიც. გარდა ამისა, გამოიკითხა ბრალმდებელი მონაზონი თ.კ. [სავარაუდოდ, საუბარია თეკლა კუბლაშვილზე]. გამოიკვლიეს მოწმეთა ჩვენებები და სხვა ფაქტობრივი მტკიცებულებებიც.
ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმა მისი მკვლელობის მცდელობაზე ორი დღის წინ, 8 ივნისს ისაუბრა. ამ დროს საეპისკოპოსო საბჭოს გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა ორი დღით ადრე.
ჯამდელიანმა მისი მკვლელობის მცდელობის დაგეგმვაში “ქართული ოცნების” მთავრობასთან დაახლოებული მაღალჩინოსანი დაადანაშაულა. მან თქვა, რომ მის მკვლელობას “უშიშროების” მაღალი თანამდებობის პირი საწამლავით გეგმავდა, დასახმარებლად კი ამავე ეპარქიის ერთ-ერთი მონაზონი გადაიბირა.
“ერთი წლის განმავლობაში ამუშავებდნენ [მონაზონს] და ეუბნებოდნენ მას, რომ ან უნდა ჩაუყარო საჭმელში საწამლავი, ან მოგცემთ, მოუსვამ ხელზე და ერთ საათში ის აღარ იქნება, აი, ასეთი მოვლენები და ვითარება არის ეპარქიაში”, – განაცხადა ჯამდელიანმა.
იმავე დღეს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლით დაიწყო გამოძიება.