ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია მზადაა, ხელმეორედ მიიღოს მონაწილეობა “ქართული ოცნების” ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიაში. ამჯერად, უშუალოდ ჩორჩანას საკითხთან დაკავშირებით. თუმცა – დისტანციურად.
ეს განცხადება გაავრცელა გახარიას პარტიამ “საქართველოსთვის”. მათი ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარე საქართველოში არ იმყოფება.
“როგორც იცით, გიორგი გახარია ერთხელ უკვე წარსდგა კომისიის წინაშე 2025 წლის 14 აპრილის სხდომაზე, რომელიც 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. კომისიას ორჯერ წერილობით ეცნობა, რომ გიორგი გახარია ამჯერადაც მზადაა, მონაწილეობა მიიღოს სხდომაში, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ის იმყოფება საზღვარგარეთ, წინასწარ დაგეგმილი ვიზიტით, გამოთქვა მზაობა, სხდომაში მონაწილეობა მიიღოს დისტანციურ, ე.წ. “ონლაინ” რეჟიმში, რასაც ერთი მხრივ, კომისიის დებულება ითვალისწინებს, მეორე მხრივ – ერთხელ უკვე თავად კომისიის მიერ იყო შემოთავაზებული აპრილში, პირველი მიწვევის ფარგლებში.
მიუხედავად ამისა, კომისიისგან 22 ივნისს ოფიციალურად გვეცნობა, რომ კომისია უარს აცხადებს გიორგი გახარიას დისტანციურად გამოკითხვაზე და დაჟინებით ითხოვს ორშაბათს, 23 ივნისს სხდომაზე მის ფიზიკურ გამოცხადებას, რასაც არ აქვს არავითარი ობიექტური ახსნა, თუ საგამოძიებო კომისია რეალურად ჩორჩანას საკითხზე მისი მოსმენით არის დაინტერესებული. გიორგი გახარია, კიდევ ერთხელ, ადასტურებს მზაობას, ესაუბროს კომისიას ჩორჩანას საგუშაგოს საკითხზე, დისტანციურად, სანამ საქართველოში დაბრუნდება”, – ვკითხულობთ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე მეორედ დაიბარეს ორშაბათს, 23 ივნისს.
ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავსირებით გახარიას კითხვები კომისიამ 14 აპრილის სხდომაზეც დაუსვა. კომისიის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი გახარიას ედავებოდა, რომ მან, შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს, თვითნებურად გახსნა საგუშაგო ჩორჩანაში, რამაც ადგილზე ვითარების დაძაბვა გამოიწვია. ამასთან, კომისიის წევრები გახარიას ედავებიან, რომ საგუშაგოს გახსნის გადაწყვეტილება არ იყო შეთანხმებული არც პრემიერთან და არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან.
გიორგი გახარიამ თქვა, რომ “ყველამ ყველაფერი იცოდა” და გზა ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაჰყავდა. გარდა ამისა, ის ამბობს, რომ ტყეში პატრულირებდა საოკუპაციო რეჟიმი, აკავებდნენ საქართველოს მოქალაქეებს და აპირებდნენ საოკუპაციო ხაზის გაფართოებას ახალგამოჩენილი, 1992 წლის ე.წ. რუკებით. გახარიას თქმით, ეს ჩორჩანის ტყის მასივის 1800 ჰექტრის მითვისებას გამოიწვევდა, საგუშაგოს გახსნით კი დაიცვა ეს ტერიტორია.
კომისიაზე გახარიას გამოკითხვიდან ზუსტად ორი თვის შემდეგ, 14 ივნისს, გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური. 2019 წელს ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო. გომელაური ამბობს, რომ კოშკის აშენების წინააღმდეგი იყო, რადგან ვარაუდობდა, რომ ამას შესაძლოა ომი მოჰყოლოდა. მისივე თქმით, კოშკისა და იქამდე მისასვლელი გზის მშენებლობა ისე დაიწყო, რომ ამის შესახებ საქმის კურსში არ იყო მაშინდელი პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძეც კი.
მოგვიანბეით პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ ჩორჩანის შესახებ მოკვლევა მიმდინარეობს გამძიების ფარგებში, რომელიც ეხება:
- საბოტაჟს;
- დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობას;
- უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას;
- საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზებას.