ახალი ამბები

ვემორჩილები კონსტიტუციას, ამისთვის თუ პატიმრობა უნდა გადავიხადო, კი ბატონო – გვარამია

13 ივნისი, 2025 •
ვემორჩილები კონსტიტუციას,  ამისთვის თუ პატიმრობა უნდა გადავიხადო, კი ბატონო – გვარამია

„მე ვემორჩილები საქართველოს კონსტიტუციას და არა „ქართული ოცნების“ კონსტიტუციას. ამისთვის თუ პატიმრობა უნდა გადავიხადო, კი ბატონო, გადავიხდი“, – განაცხადა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ მისთვის პატიმრობის შეფარდებამდე ცოტა ხნით ადრე.

ნიკა გვარამიას პატიმრობა დღეს, 13 ივნისს, შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო.

პროცესს თავად ნიკა გვარამია არ დასწრებია, სასამართლოში მისი ადვოკატები იმყოფებოდნენ. სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ნიკა გვარამია რუსთავის ციხეში წავიდა.

„რა უნდა გითხრათ საქმეზე, რომელიც შეკერილია და რომელიც ყველა იმ პოლიტიკური ლიდერის მიმართ აღიძრა, რომელიც იმ კომისიაზე არ მივიდა, რომელიც რეალურად კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ არის შექმნილი. არც მე არ მივალ, მე ვემორჩილები საქართველოს კონსტიტუციას და არა „ქართული ოცნების“ კონსტიტუციას. ამისთვის თუ პატიმრობა უნდა გადავიხადო, კი ბატონო, გადავიხდი. ზუსტად ვიცი, რომ მართალი ვარ ჩემი სინდისისა და საქართველოს კონსტიტუციის წინაშე.

სადაც საჭიროა, იქ მივალ და აღსრულება მოხდება, შემასახლებენ ციხეში, რუსთავის ან რომელიმე სხვაში, რასაც გადაწყვეტენ. ჩვენ ვიბრძვით რუსეთის წინააღმდეგ, ეს ის ვითარებაა, როცა ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად. „ბოლოს მაინც ჩვენ გავიმარჯვებთ“ – რაც ზურამ თქვა, იმას გავიმეორებ.
ჩვენ არ გვაქვს უკან დასახევი გზა, ჩვენ უკან არის ჩვენი სამშობლო. ამიტომ მზაობა უნდა იყოს ყველაფრისთვის. ეს არის ჩვენი ისტორიული მისია, ჩვენი თაობების“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამია ბრალდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით, რაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს. პროკურატურა მას „ქართული ოცნების“ ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილი, “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი ლიდერების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობას ედავება. კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანია.

კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომელიც მან კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა, რის შემდეგაც პროკურატურამ მისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, 30 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლა მოითხოვა, რაც მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ დააკმაყოფილა.

აღნიშნული ბრალდებით უკვე დააკავეს „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ორი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა მელია. ამავე ბრალდებით ასევე დაკავებულია ირაკლი ოქრუაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი