ახალი ამბები

ქალთა ინტერპარტიული განცხადება – გამოვხატავთ სოლიდარობას თინა ბოკუჩავას მიმართ

9 ივნისი, 2025 •
ქალთა ინტერპარტიული განცხადება – გამოვხატავთ სოლიდარობას თინა ბოკუჩავას მიმართ

სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ქალები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომლითაც “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს, თინა ბოკუჩავას სოლიდარობას უცხადებენ მისი ქმრის, კოტე იოსელიანის გატაცების გამო.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მომხდარი ფაქტი არის მიზანმიმართული მცდელობა, დააშინონ და გააჩუმონ ქალები პოლიტიკაში.

“ქალები პოლიტიკური პარტიებიდან ერთხმად გამოვხატავთ სოლიდარობასა და მხარდაჭერას თინა ბოკუჩავას მიმართ – ქალის, დედის, პოლიტიკოსისა და პარტიის თავმჯდომარის მიმართ, რომელიც გახდა პოლიტიკური ძალადობის და მის ოჯახზე განხორციელებული მორალური ტერორის პირდაპირი სამიზნე.

ეს არის მიზანმიმართული მცდელობა, დააშინონ და გააჩუმონ ქალები პოლიტიკაში. მეთოდები, რომლითაც ებრძვიან ქალ პოლიტიკოსებს, არის სრულიად მიუღებელი, დანაშაულებრივი და ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი. რეჟიმის ბრძოლა ქალების წინააღმდეგ გამაოგნებელ მასშტაბს იძენს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენც გვინდა ხმამაღლა და გარკვევით ვთქვათ:

არ გვეშინია!

არ გავჩუმდებით და ვიბრძოლებთ ძალადობრივი და მოღალატეობრივი რეჟიმის დემონტაჟისთვის”, – წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა წევრმა, კოტე იოსელიანმა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ბოდიშს უხდის უტა ივანიშვილს, ბიძინა ივანიშვილის უფროს ვაჟს.

ვიდეოში იოსელიანი ამბობს, რომ “რაღაც გარემოებები შეიქმნა”, რის გამოც იძულებულია ამ ფორმით მოიხადოს ბოდიში უკვე მეორედ, 7 წლის შემდეგ. თუმცა, არ განმარტავს, რა გარემოებებზეა საუბარი.

2018 წელს კოტე იოსელიანმა ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში ისაუბრა “ქართული ოცნების” დამფუძნებლის შვილსა და “ქართული ოცნების” იმდროინდელ მაღალჩინოსანს შორის სასიყვარულო ურთიერთობაზე. მან თქვა, რომ ამის შესახებ “ქალაქში ჭორი დადის”. მოგვიანებით მან ბოდიში მოიხადა და მალევე აქტიური პოლიტიკიდან წავიდა.

დღეს თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ უტა ივანიშვილისადმი ბოდიშის ვიდეოს ჩაწერამდე, მისი მეუღლე კოტე იოსელიანი გაიტაცეს და შვილების უსაფრთხოებით დაემუქრნენ.

ბოკუჩავას თქმით, მისი ქმარი გაიტაცეს და შვილების უსაფრთხოებით დაემუქრნენ

მასალების გადაბეჭდვის წესი