ახალი ამბები

ევროპარლამენტარი “ქართულ ოცნებაზე”: წკეპლა და სტაფილო არ მუშაობს, საჭიროა მხოლოდ სანქციები

3 ივნისი, 2025 •
ევროპარლამენტარი “ქართულ ოცნებაზე”: წკეპლა და სტაფილო არ მუშაობს, საჭიროა მხოლოდ სანქციები

“გამოსავალი კრიზისიდან არის ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. წკეპლა და სტაფილო (იგულისხმება მათრახის და თაფლაკვერის მეთოდი. ნეტგაზეთი), რასაც ევროპული კომისია სთავაზობს მოქმედ რეჟიმის, არ მუშაობს. მხოლოდ ახალი არჩევნები, სანქციები. სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა”, – ეს განცხადება ევროპარლამენტარმა რას იუკნევიჩიანემ გააკეთა ევროპარლამენტის ქვეკომიტეტში გამოსვლისას საქართველოსთან დაკავშირებით.

იუკნევიჩიანე  კოლეგებთან ერთად საქართველოშიც იმყოფებოდა რამდენიმე დღის წინ და ანგარიშიც მოამზადეს შექმნილ პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით. სწორედ ამ ანგარიშის განხილვა მიმდინარეობდა დღეს ევროპარლამენტში, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები საქართველოდანაც ესწრებოდნენ.

იუკნევიჩიანემ გმირები უწოდა ქართველ დემონსტრანტებს, რომლებიც ცივი ზამთრის განმავლობაშიც კი იბრძოდნენ ქუჩაში საქართველოს ევროპული მომავლისთვის.

“ხანდახან ვფიქრობ, რომ ეს ხალხი უფრო პროევროპელია, ვიდრე ბევრი ევროპელი, რომელიც აქ ცხოვრობს. რა თქმა უნდა, ქართველები ხართ ევროპელები, მაგრამ ვგულისხმობ ევროკავშირში მცხოვრებებს, რომლებიც ცხოვრობენ ევროპულ დემოკრატიაში და არ ადარდებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს.

თქვენ ხართ დიდებული ადამიანები, ჩემი და ბევრი ევროპელის გმირები. თქვენი ვიზიტი ძალიან დროულია”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

მისი თქმით, საქართველოში სიტუაცია ყოველდღიურად უარესდება და ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდება იმას, რაც იყო ბელარუსში – “იმავე მიმართულებით მიდის”.

“ყველა ამბობს, რომ საჭიროა სანქციების დაწესება რეჟიმისთვის. სანქციები მუშაობს. არაა სიმართლე, რომ სანქციები უსარგებლოა. ევროპარლამენტის რეზოლუციაში [დასასანქცირებელი პირების] სახელების ხსენებაც კი იყო მნიშვნელოვანი ბევრ ადამიანისთვის. უნდა მოვუწოდოთ წევრ სახელმწიფოებს, რომ სასწრაფოდ დააწესონ სანქციები, განსაკუთრებით მათთვის, ვინც არიან პასუხისმგებლები რეპრესიებზე”.

ევროპარლამენტარმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმ პრობლემებს, რომლებსაც ჟურნალისტები აწყდებიან საქართველოში.

“მივიღეთ გზავნილი, რომ ორი ძლიერი, ჯერ კიდევ მოქმედი ტელევიზიის დახურვა იგეგმება ახლო მომავალში. ეს იქნება თავისუფალი სიტყვის, როგორც ასეთის, დასრულება.

მზია ამაღლობელი. ჩვენ გვინდოდა, რომ გვენახა ის ციხეში ვითხოვეთ ნებართვა, მაგრამ არ შეგვიშვეს. ეს მამაცი ჟურნალისტი იქცა პატიმრობაში მყოფი [პოლიტპატიმრების] სიმბოლოდ. ასე რომ, ჩვენ უნდა გამოცუცხადოთ მას სოლიდარობა”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა და დააანონსა, რომ შემდეგ პლენარულ სხდომაზე შეიძლება მიიღონ საგანგებო რეზოლუცია მზია ამაღლობელთან დაკავშირებით, თუ ამას სხვა პოლიტიკური ჯგუფებიც დაეთანხმებიან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი