ახალი ამბები

კათოლიკე მრევლი ამჯერად შეუშვეს ქუთაისის ყოფილ კათოლიკურ ტაძარში

11 დეკემბერი, 2022 •
კათოლიკე მრევლი ამჯერად შეუშვეს ქუთაისის ყოფილ კათოლიკურ ტაძარში

8 დეკემბერს, როდესაც საქართველოში კათოლიკეები ქალწული მარიამის უმანკოდ ჩასახვის დღესასწაულს აღნიშნავენ, კათოლიკე მრევლი, – განსხვავებით წინა შემთხვევისაგან, – ქუთაისში ყოფილი კათოლიკურ ტაძარში შეუშვეს.

მედიაპორტალი Catholic.ge, რომელიც საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ოფიციალური მედია საშუალებაა, იუწყება, რომ ქუთაისში 8 დეკემბრის ლიტურგიის შემდეგ, მრევლმა და სასულიერო პორებმა, ტრადიციულად, 1862 წელს ქალწული მარიამის უმანკოდ ჩასახვის სახელზე ნაკურთხი კათოლიკური ტაძარი მოილოცეს.

მათივე ცნობით, 8 დეკემებრს ტაძარში კათოლიკე მრევლი წინასწარი შეთანხმების საფუძველზე შეუშვეს.

„ეს ტაძარი ახლა მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაშია და სწორედ ის ტაძარია, რომელიც ოქტომბერში, ფატიმის ღვთისმშობლის ქანდაკების მომლოცველობისას, მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა ლენტებით შემოსაზღვრეს და შესასვლელი ჩახერგეს“, – წერს Catholic.ge.


2022 წლის ოქტომბერში ქუთაისში კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებს რელიგიური რიტუალის შესრულებისას ყოფილ კათოლიკურ, ამჟამად კი მართლმადიდებლური ტაძრის ეზოში შესვლის ნებართვა არ მისცეს, ეკლესიის ეზო კი ლენტებით შემოღობეს.

დასავლეთ საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ვიკარიუსმა, გაბრიელემ ბრაგანტინიმ განაცხადა, რომ როდესაც მიტროპოლიტ იოანესგან წინასწარ უარი მიიღო ტაძარში შესვლაზე, მისგან მუქარა მიიღო: „მითხრა, თუ მშვიდობა გინდათ, მოიქეცით ისე, როგორც აქამდე იქცეოდითო“.

„მართლმადიდებლების მხრიდან ასეთი დამოკიდებულბა მხოლოდ საქართველოში ხდება… უცნაურია, რომ როდესაც მართლმადიდებელი ქართველები იტალიაში არიან, იქ კათოლიკურ ეკლესიაში შედიან. მათ კათოლიკე ეკლესია აძლევს ტაძრებს, სადაც შეუძლიათ აღავლინონ თავიანთი ლოცვა. იტალიაში კათოლიკური ეკლესია ბედნიერია, რომ შეუძლია მათი დახმარება. მაშინ, ჩვენ უნდა დავწეროთ ჩვენი ეპისკოპოსიების მიმართ: ნუ შეუშვებთ, რადგან ჩვენ [კათოლიკეების] მათთვის არავინ ვართ, ეშმაკები და ერეტიკოსები ვართო?“ – განაცხადა მაშინ დასავლეთ საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ვიკარიუსმა და ქუთაისის კათოლიკური სამრევლოს წინამძღვარმა, გაბრიელე ბრაგანტინიმ.

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი