„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიამ“ (CMC) პროტესტში ჩართული მაღაროელები სამსახურიდან საბოლოოდ გაათავისუფლა.
ამის შესახებ კომპანიამ განცხადება გუშინ, 19 მაისს, ღამით გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ის პირები, რომლებთანაც „სხვადასხვა მიზეზით“ ვერ მოხერხდა შრომითი ურთიერთობების გაგრძელება, დათხოვილ თანამშრომლებად განიხილებიან.
ამ განცხადების გამოქვეყნებამდე კომპანიამ პროტესტში ჩართულ მაღაროელებს მოლაპარაკებები შესთავაზა. კომპანიის იურისტმა, გუშინ, 19 მაისს, მაღაროელების იურისტს უთხრა, რომ პასუხს ნებისმიერ შემთხვევაში საღამოს დაუბრუნებდა. პასუხად კი მათ „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ აღნიშნული განცხადება მიიღეს. განცხადებაში ვკითხულობთ:
“მათთვის, ვინც რეორგანიზაციის შედეგად ჩვენთან გააგრძელა შრომითი ურთიერთობა, უახლოეს 2-3 კვირაში დავიწყებთ მარტი-აპრილის სახელფასო დავალიანების ეტაპობრივ ანაზღაურებას.
რაც შეეხება იმ პირებს, რომელთა შემთხვევაში სხვადასხვა მიზეზით ვერ მოხერხდა შრომითი ურთიერთობების გაგრძელება, ისინი განიხილებიან როგორც საბოლოოდ დათხოვილი თანამშრომლები. მათ ავუნაზღაურებთ როგორც კანონით გათვალისწინებულ ერთთვიან კომპენსაციას, ისე 2025 წლის 27 აპრილამდე დარიცხულ სახელფასო თანხას. საბოლოო ანგარიშსწორება მოხდება შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმების შემდეგ.
ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს პარტნიორ ბანკებთან, რათა რეორგანიზაციის პროცესში დასაქმებულებსა და მონაწილე თანამშრომლებს შევთავაზოთ გაუმჯობესებული საკრედიტო პირობები. კონკრეტულ სიახლეებს საზოგადოებას უახლოეს პერიოდში გავაცნობთ.
მკაცრად ვგმობთ ბოლო პერიოდში მომხდარ ძალადობის ფაქტს, რომელიც უკვე შეფასებულია როგორც შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაული და რომლის საფუძველზეც დაწყებულია გამოძიება ოთხი პირის მიმართ. სამწუხაროა, რომ ამ მძიმე შემთხვევის შემდეგ დღემდე არ მოგვისმენია გულწრფელი სინანული იმ ადამიანებისგან, ვინც ინციდენტში მონაწილეობდა. ჩვენი მტკიცე რწმენით, ეს არის აუცილებელი საფუძველი ნებისმიერი შემდგომი მსჯელობისა თუ შესაძლო შეღავათების განსაზღვრისას.
ჩვენ გვესმის არსებული გამოწვევების სირთულე და ვადასტურებთ მზადყოფნას, გავაგრძელოთ მოქმედება სამართლიანობის, გამჭვირვალობისა და სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპებით“, – ნათქვამია „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ განცხადებაში.
მაღაროელების განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით კომპანიამ კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩინა თავისი რეალური სურვილი და სახე.
როგორც პროტესტში ჩართული მაღაროელები აცხადებენ, მათ სცადეს პრობლემა მოლაპარაკების და კონსტრუქციული დიალოგის გზით გადაეჭრათ, თუმცა ამ მცდელობას კომპანიამ ყურადღება არ მიაქცია.
„2023 წლიდან, როცა საინიციატივო ჯგუფი ჩამოყალიბდა და აქტიურად ჩაერთო პროცესებში, დღემდე ვერავინ იტყვის, რომ ჩვენ არ გვსურს კონსტრუქციული დიალოგი ან რომ რადიკალური დაჯგუფება ვართ. პირიქით – ყოველთვის ვცდილობთ, ნებისმიერი აქტუალური საკითხი მოლაპარაკების გზით გადავჭრათ. ამის ნათელი მაგალითი იყო ჩვენი მხრიდან გადადგმული ლოიალური ნაბიჯი, რომლის ფარგლებშიც ხელი არ შევუშალეთ სამუშაო პროცესს, რადგან გვქონდა მოლოდინი, რომ იწყებოდა პროცესების გაჯანსაღება. მოლაპარაკების და კონსტრუქციული დიალოგის გზით.
თუმცა, კომპანია კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩინა თავისი რეალური სურვილი და სახე. ჩვენ ვცადეთ, მაგრამ ამ მცდელობას ყურადღება არ მიაქცია.
შედეგები ნუ გაგიკვირდებათ – ჭიათურა კვლავ დადგება სიმართლის, სამართლიანობისა და ღირსების მხარეს.
ჩვენ ვართ მხარე, ჩვენი ძალისხმევით შეიწუხა კომპანიამ თავი დარიცხა გასული 2 თვის ხელფასი და დაიწყო საუბარი მუშა პროცესის განახლებაზე.
ეს ყველაფერი ამ პროტესტის თითოეული ჩვენგანის და იმ 4 უსამართლოდ დაკავებული, ჩვენი თანამებრძოლის დამსახურებაა.
ბრძოლამ გამოიღო შედეგი, ბრძოლა არ დასრულებულა“, – აცხადებენ მაღაროელები.
2025 წლის იანვარში კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“, რომლის მფლობელობაშია ყველა მაღარო ჭიათურაში, მუშაობა დროებით შეაჩერა და თანამშრომლები ნაწილობრივ ანაზღაურებაზე გადაიყვანა. თუმცა მაღაროელები ამ ხელფასსაც ვერ იღებენ — 60%-იან ანაზღაურებას, რისი გადახდის ვალდებულებაც კომპანიას დაეკისრა მუშაობის პროცესის შეჩერების შემდეგ. მაღაროელების ინფორმაციით, საქმე ეხება 5000 თანამშრომელს, რომელთაგან 3000-ზე მეტი ჭიათურაში მუშაობს.
28 თებერვლიდან ჭიათურაში უწყვეტი საპროტესტო აქციები იმართება.
7 მარტს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ „ჯორჯიან მანგანეზთან“ შეთანხმებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოები აღარ განახლდება. შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“, რომელიც ჭიათურაში მიწისქვეშა და ღია კარიერული წესით მანგანუმს მოიპოვებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს გაკოტრების განცხადებით მიმართა.
23 აპრილს „ჯორჯიან მანგანეზის“ მმართველი კომპანიის, CMC-ის განცხადებით, ჭიათურაში სამთო წარმოების აღდგენა და რეორგანიზაცია დაიგეგმა, რომელსაც რუსეთის მოქალაქე მიხეილ სოცკი უხელმძღვანელებს. კომპანიამ გადაჭრით მოითხოვა პროტესტის, პიკეტირების შეწყვეტა და მის ხედვაზე დამორჩილება.
ამის შემდეგ 24 აპრილს მაღაროელებმა დამსაქმებლისგან მიიღეს ერთგვარი შეთავაზება, რომელიც ეხება კომპანია “ჯორჯიან მანგანეზში” რეორგანიზაციის პროცესსა და მუშაობის შემდგომი გაგრძელების პერსპექტივებს. ერთგვერდიანი დოკუმენტი სულ 7 პუნქტისგან შედგება.
დოკუმენტში წერია, რომ დასაქმებულები ინფორმირებულეი არიან რეორგანიზაციის შემდეგ არსებული საშტატო ნუსხის, ვაკანტური ადგილების, სამუშაო განაკვეთის, ანაზღაურებისა და სხვა დეტალების შესახებ და ზოგადად, აქვთ პასუხები მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე. თუმცა მაღაროელები ამბობენ, რომ გარდა შაბლონური განცხადებისა, რომელზე ხელმოწერისკენაც მოუწოდებენ, არანაირი განმარტებები არ მიუღიათ.
გარდა ამისა, მათ მიიღეს სატელეფონო შეტყობინებები, რომლის მიხედვითაც, თუ თავად არ გამოცხადდებიან ხელშეკრულებაზე ხელმოსაწერად, კომპანიის წარმომადგენლები პირადად მიაკითხავენ მათ.
ჭიათურელებს რამდენიმე მსხვილი მოთხოვნა აქვთ, რაც, მათივე თქმით, შემდგომ დეტალურ განხილვას და დაზუსტებას საჭიროებს:
- შეხვდნენ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები;
- გავიდეს ინვესტორი და სახელმწიფომ გადაიბაროს ჭიათურაში პასუხისმგებლობა სამთო წარმოებაზე;
- როდესაც აღდგება მუშაობა, მადნის ექსპორტიდან შემოსული თანხის 5% ჩაირიცხოს ფონდში, რომელიც ჭიათურელი ბავშვებისა და მოზარდებისთვის იქნება განკუთვნილი;
- ჭიათურასა და მუნიციპალიტეტის სოფლებს შორის დაინიშნოს უფასო ტრანსპორტი;
- მიეხედოს ქალაქის ეკოლოგიას, განსაკუთრებით ღია კარიერულ მოპოვებას;
- გაიყინოს ბანკის სესხები მუშაობის აღდგენამდე.
- სარჯველაძე ამბობს, რომ მაღაროელებისთვის შეთავაზებული პირობები “დამაჯერებლად უნდა გამოიყურებოდეს”
- მოთხოვნა არის არა გათავისუფლება, არამედ ხელისუფლების ჩართულობა მოლაპარაკებებში – იურისტი მოშიმშილე მაღაროელებზე
- მაღაროელთა საინიციატივო ჯგუფი დანარჩენ დასაქმებულებს მოუწოდებს, არ დათანხმდნენ კომპანიის პირობას
- კომპანია ჭიათურაში წარმოების აღსადგენად მაღაროელებს ულტიმატუმს უყენებს