გიორგი შინჯიკაშვილი, რომელსაც მედიაში გავრცელებული ცნობებით, დაპირისპირება აქვს გდდ-ს უფროსთან, ზვიად ხარაზიშვილთან („ხარებასთან“), ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გადადგა.
ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.
როგორც შინჯიკაშვილი წერს, თანამდებობას პირადი გადაწყვეტილებით ტოვებს, თუმცა მიზეზების შესახებ არაფერს ამბობს.
„4 წლიანი მუშაობის შემდეგ ვტოვებ თანამდებობას, პირადი გადაწყვეტილებით. მადლობას ვუხდი თითოეულ მუნიციპალიტეტს პასუხისმგებლიანი მუშაობისთვის, ყველა საჯარო მოხელეს მეგობრობისა და ქვეყნის ღირსეული სამსახურისთვის.
მადლობა თანამებრძოლებს, გვერდში დგომისთვის და ერთგულებისთვის. მადლობა, ყველა სამთავრობო უწყებას თანამშრომლობისთვის. როგორც ყოველთვის ვრჩები ქვეყნისა და ერის სამსახურში“, – წერს შინჯიკაშვილი.
თითქმის ერთი წელიწადია მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ გიორგი შინჯიკაშვილს და „ხარებას“ ერთმანეთთან დაპირისპირება აქვთ. პერიოდულად ასევე ვრცელდება ცნობები ამ დაპირისპირების გამო გიორგი შინჯიკაშვილის და „ხარებას“ თანამებრძოლების ანგარიშსწორებების შესახებ.
იმას, რომ შინჯიკაშვილს და „ხარებას“ შორის დაპირისპირება არსებობს, ადასტურებს გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილიც.