სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, აქციებზე დაკავებულთა საქმეების განმხილველი მოსამართლე, თამარ მჭედლიშვილი ე.წ. სასამართლოს კლანთანაა დაკავშირებული.
მათივე ინფორმაციით, ის “კლანის” ერთ-ერთ ლიდერად მოაზრებული, არაერთი ქვეყნის მიერ სანქცირებული ლევან მურუსიძის ცოლის, ლელა ჭანიას ახლო მეგობარია (“სტუდია მონიტორის” გამოძიების მიხედვით, ჭანია და მურუსიძე არარეგისტრირებულ ქორწინებაში არიან). თავად მჭედლიშვილი ლიეტუვის მიერაა სანქცირებული.
თამარ მჭედლიშვილი განიხილავს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობისთვის ბრალდებით დაკავებული 8 პირის – ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, თორნიკე გოშაძის, ინსაფ ალიევის, ირაკლი მიმინოშვილის, გიორგი გორგაძის დ ნიკოლოზ ჯავახიშვილის საქმეს. ასევე, ნარკოდანაშაულში ბრალდებული, 22 წლის თედო აბრამოვის საქმესაც.
მანვე განიხილა ალეკო ელისაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საქმე და პოლიტიკოსი პატიმრობაში დატოვა.