ახალი ამბები

“ჩემს სიკვდილზე აქვთ ხელი მოწერილი” – ნანა სანდერი ციხეში არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს

20 იანვარი, 2026 •
“ჩემს სიკვდილზე აქვთ ხელი მოწერილი” – ნანა სანდერი ციხეში არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ნანა სანდერი ციხეში მის მიმართ განხორციელებულ არაადამიანური მოპყრობის შესახებ საუბრობს.

ის თავად მოუყვა მოსამართლე თამარ ჭედლიშვილს იმ პრობლემების შესახებ, რომელსაც ციხეში აწყდება. მათ შორის არის მკურნალობაზე უარის თქმა, მისთვის საჭირო მედიკამენტების მიწოდების შეფერხება და აგრესიული დამოკიდებულება და არაადამიანური მოპყრობა ციხის დირექტორის, ნესტან ვერულაშვილის მხრიდან.

ნანა სანდერმა გასულ სხდომაზე, 13 იანვარს შიმშილობის დაწების შესახებ განაცხადა. მაშინ ამბობდა, რომ ციხის ადმინისტრაცია უგულებელყოფს მის საჭიროებებს.  დღეს, 20 იანვარს გამართულ სხდომაზე  თქვა, რომ ვერ შეძლო 4 დღეზე მეტხანს ეშიმშილა, რადგან ექიმმა უთხრა, რომ კომაში ჩავარდნის რისკის ქვეშ იყო.

“როგორც იცით, წინა პროცესზე დავიწყე აბსოლუტური შიმშილობა, რაც გულისხმობს შიმშილობას წყლის გარეშე. სანამ მე შიმშილობას დავიწყებდი, რამდენიმე დღით ადრე მქონდა საუბარშიც ნათქვამი, რომ თუ ჩემი მოთხოვნები ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მკურნალობა, არ დაკმაყოფილდებოდა, შიმშილს დავიწყებ-მეთქი. ჩემი ეს ნათქვამი სრულად დაიგნორდა.

13 იანვრიდან დავიწყე შიმშილობა. გამომდინარე ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან, სამწუხაროდ … [ტირის] … მე-4 დღეს მივედი იმ მდგომარეობამდე, რომ … ჩემთვის უბრალოდ რიცხვები იყო ის – არ მაქვს სამედიცინო განათლება, მაგრამ ვიცი, რომ ცუდად ვიყავი. აბაზანიდან დამოუკიდებლად ვერ გამოვედი, ოფიცრებმა გამიყვანეს. ამის შემდეგ შემოვიდა მორიგე ექიმი და ჩემი შაქრის დონე იყო 51. დილით იყო 70-მდე, მერე 64-ზე და ისე სწრაფად ეცემოდა, რომ თვითონ მიხსნიდა მორიგე ექიმი, რომ კიდევ რამდენიმე ერთეული რომ დაეცეს, მე აღმოვჩნდებოდი კომაში. მოკლედ, მე მართლა მინდოდა რომ ჩემი სიტყვა ბოლომდე შემესრულებინა, მაგრამ არც კომაში ყოფნა არ მინდოდა. შესაბამისად, მე-4 დღეს შეწყდა ჩემი მშრალი შიმშილობა დროებით.

მე როდესაც აქ გავაკეთე განცხადება [ერთი კვირით ადრე – 13 იანვარს] და დავაანონსე შიმშილობა, საპყრობილეში დაბრუნებულს ციხის დირექტორი, ნესტან ვერულაშვილი, ასევე ადმინისტრაციიდან თანამშრომლები დამხვდნენ და დაიწყეს იგივე ტერორი.

არ ვიცი, საქართველოში შეიძლება ძალიან ძვირია, მაგრამ გერმანიაში ღირს 2-3 ევრო ვეგანური [საუბრობს კონკრეტულ მედიკამენტზე]. ორი წელია ეს მჭირდება მე, მაქვს გერმანული ანალიზები და ამ ანალიზებზე დაყწრნობით. ისიც კი არ მომიტანეს, რა კვლევებზეა საუბარი. არანაირი კვლევები არ ჩატარებულა. უბრალოდ, შაქარს მისინჯავდნენ, წნევას, სატურაციას – ეს არის კვლევები. შიმშილობა გულისმხობს, რომ შემოდის მორიგე ექიმი და გისინჯავს სატურაციასაც და შაქარსაც, მაგრამ იმის იქით არაფერი ნაბიჯი არ გადადგმულა.

დღეში სამჯერ გამაყუჩებელს ვსვამ. სახე გასიებული მაქვს. ჩემი ჯანმრთელობა უფრო მეტად გაუარესდა. რა თქმა უნდა, მშრალმა შიმშილობამ ეს დამიმატა. ღამე ძილიც კი აღარ შემიძლია. სხეულზე ერთი ადგილი არ მაქვს, რომელსაც შეიძლება ხელი დავადო და არ მტკიოდეს. ამას ექიმს ვუხსნიდი და კარაგდ მახსოვს, ჩემი შიმშილობის პერიოდში მომიტანეს ქსეროასლები იმისა, თუ ჩემი საპყრობილეში მიყვანის დღიდან რამდენჯერაც მქონდა მიმართული ექიმისთვის, ექთნისთვის, რომლებიც მანამდე მქონდა მოთხოვნილი. 20%-იც არ არის დაფიქსირებული იმ პრობლემებისა, რაც მე მაწუხებს. იმის მაგივრად, რომ ექიმზე, რომელიც პასუხისმგებელი იყო, რაღაც პასუხისმგებლობა დაეკისრებინა, მე მომიწყო ციხის დირექტორმა ტერორი.

მე ციხის დირექტორზე ბევრ რაღაცას ვისმენ. ბევრი პატიმარი მის მიმართ ცუდად განწყობილი არ არის, მაგრამ ჩემ მიმართ ციხეში მიყვანის პირველივე წუთებიდან განხორციელდა სისხლს სამართლის დანაშაული. ადამიანის ღირსების შემლახველი მოპრობა, არაადამიანური მოპყრობა, როგორც ვიცი, 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ამას დავამატოთ სექსუალური შევიწროება გაშიშვლების მოთხოვნით. ამაში მინიმუმ 5 ადამიანი იყო ჩართული. მათ შორის, ციხის დირექტორი, მათ შორის მოადგილეები – მზია და დაჯი. არ ვიცი, შეიძლება ის ცუდი ადამიანი არ იყოს, მაგრამ ჩემ მიმართ ეს არის შერჩევითი დამოკიდებულება. არააადამიანობაა. ეს არ არის ადამიანობა. მე უდანაშაულო პოლიტპატიმარი ვარ, მაგრამ სულ რომ რიგითი პატიმარი იყოს და ასე შერჩევითად ვიღაცა მის ჯანმრთელობას მიუდგეს, არც ქრისტიანული ღირებულებები არ არის, არც ადამიანური. ეს არ ვიცი, სად წერია. ეს არის წამება, ტანჯვა.

სახე ახლა არ ვიცი, როგორ მაქვს. ორი დღეა ვიღვიძებ და ყველაფერი მტკივა. თითს ვერ ვიდებ ორგანიზმზე და ადამიანი მეუბნება, შენ შოუს აწყობ და შენ არაფერი გაწუხებსო. 13-ში, აქედან მიყვანილს, ტერორს მიწყობს – შენ შოუს აწყობო. რა შოუ?! ადვოკატებისთვისაც არ მითქვამს, რომ ეს მაწუხებს, ის მაწუხებს … ერთი მიზეზი არის ის, რომ ადგილზე მინდოდა მომეგვარებინა. მე არ მეგონა, რომ საქართველოს ციხეებში კიდევ ასეთი არაადამიანური მოპყრობა იყო. მართლა არ მეგონა. თან, კიდევ ერთი მიზეზი არის, რატომაც საჯაროდ არ ვამბობდი – დედაჩემი იგებს ყველაფერს. დედაჩემს აქვს ინსულტი გადატანილი. ძალიან ბევრი ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. აქედან გამომდინარე არ მინდოდა. მე შეიძლება გადავრჩე, მაგრამ ის ნერვიულობს და შეიძლება ვერ გადარჩეს. მაქსიმალურად ვცდილობდი იქ მომეგვარებინა.

ჩემს სიკვდილზე აქვთ ხელი მოწერილი. აი, ეს არის”, – განაცხადა ნანა სანდერმა.

დღევანდელ სხდომაზე ნანა სანდერის ადვოკატებმა მოითხოვეს მისი გათავისუფლება 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოს. გარდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ადვოკატები მიუთითებდნენ იმაზეც, რომ უკვე გამოიკვლიეს პროკურატურის მიერ წარდგენილი 6 ვიდეო-მტკიცებულება, რომელთაგანაც სანდერი არცერთში არ ჩანს. უფლებადამცველების შეფასებით, სასამართლოს არ აქვს საფუძველი სანდერი კვლავ პატიმრობაში დატოვოს.

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა როგორც ნანა სანდერი, ისე ამავე საქმის ფარგლებში დაკავებული კიდევ 10 პირი პატიმრობაში დატოვა. უშუალოდ სანდერის შემთხვევაში, მან მიიჩნია, რომ არსებობს სავარაუდო დანაშაულის განმეორებით ჩადენის, ასევე, მოწმეებზე ზეწოლის რისკი.

განახლება: სპეციალური პენიტენციური სამსახური ნანა სანდერის განცხადებას გამოეხმაურა, მას დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობა უწოდა. განცხადებაში აღნიშნეს ისიც, რომ ბრალდებულს მისივე სქესის თანამშრომელი ამოწმებს და სრული გაშიშვლება დაუშვებელია.

„მიუხედავად აღნიშნულისა, ბრალდებულ ნანა სანდერის განცხადებასთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ დაიწყება სამსახურებრივი შემოწმება და განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა პროცედურა, ბრალდებულის უფლებების დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, გამოყენებული იქნება პასუხისმგებლობის შესაბამისი ღონისძიება.

სამსახურებრივი შემოწმების შედეგების შესახებ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან, მოხდება როგორც ბრალდებულის ასევე საზოგადოების ინფორმირება“, — წერია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი