ახალი ამბები

“სიკვდილი რუსეთის მსახურებს” – მოქალაქე ამბობს, რომ ამ შეძახილისთვის სასამართლომ 50 ლარით დააჯარიმა

16 აპრილი, 2025 •
“სიკვდილი რუსეთის მსახურებს” – მოქალაქე ამბობს, რომ ამ შეძახილისთვის სასამართლომ 50 ლარით დააჯარიმა

მწერალი მიხეილ ციხელაშვილი  ამბობს, რომ 50-ლარით დააჯარიმეს სასამართლო დარბაზში შეძახილისთვის – “სიკვდილი რუსეთის მსახურებს”. გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლე დავით თეთრაულმა, რომელმაც ეს ფრაზა სასამართლოს უპატივცემულობად მიიჩნია.

შემთხვევა მოხდა ციხელაშვილის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განხილვის დასრულების შემდეგ. შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევის, კერძოდ – გზის გადაკეტვის საფუძვლით ციხელაშვილი 5000 ლარით დაჯარიმდა.

მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც, მისივე თქმით, შსს-ს მთავარი მტკიცებულება იყო მის წინააღმდეგ.

“ამ ვიდეოს ბოლო კადრში ვჩანვარ მხოლოდ, ისიც ტროტუარზე. სხდომის დასრულების შემდეგ შევძახე სიკვდილი რუსეთის ყველა მსახურს-მეთქი და წამომიხტა, დამიჭიმა თვალები, რაოოოოო რა თქვიოოოო, აბა, გაიმეორეო. გავიმეორე. ჰოდა შეურაცხყოფისთვის კიდევ 50-ლარიანი ჯარიმა შენო”, – წერს ციხელაშვილი სოციალურ ქსელში.

მოსამართლე დავით თეთრაულმა დღეს, 16 აპრილს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრს, აქტივისტ გელა ხასაიას.

მასალების გადაბეჭდვის წესი