ახალი ამბები

„ოცნებამ“ საბოლოოდ აკრძალა მთავრობის თანხმობის გარეშე უცხოური გრანტის მიღება

16 აპრილი, 2025 •
„ოცნებამ“ საბოლოოდ აკრძალა მთავრობის თანხმობის გარეშე უცხოური გრანტის მიღება

„ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ აკრძალა მთავრობის თანხმობის გარეშე უცხოური გრანტის მიღება.

სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიაორგანიზაციების წინააღმდეგ მორიგი რეპრესიული კანონი „ქართული ოცნების“ პარლამენტმა დაჩქარებული წესით, 2 დღეში განიხილა და დაამტკიცა.

ცვლილებები ამჯერად გრანტის გამცემს (დონორს) ავალდებულებს, რომ შესაბამისი თანხმობის მისაღებად საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს/ორგანოს მიმართოს და წარუდგინოს საგრანტო ხელშეკრულების პროექტი.

შესაბამისი თანხმობის მისაღებად გრანტის გამცემმა სუბიექტმა საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს/ორგანოს უნდა წარუდგინოს საგრანტო ხელშეკრულების პროექტი.

აკრძალული გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგის განმახორციელებელ ორგანოდ განისაზღვრება ანტიკორუფციული ბიურო, რომელსაც რაჟდენ კუპრაშვილი ხელმძღვანელობს.

კანონის პროექტი ითვალისწინებს აკრძალული გრანტის მიღებასთან დაკავშირებულ სანქციებს, კერძოდ:

  •  აკრძალული გრანტის მიღება გამოიწვევს გრანტის მიმღების დაჯარიმებას აღნიშნული გრანტის ორმაგი ოდენობით.
  • ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ფიზიკური პირის გამოკითხვისას ან ანტიკორუფციული ბიუროს შუამდგომლობის საფუძველზე ფიზიკური პირის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვისას აღნიშნული პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდება − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
  • ზემოთ მოყვანილი რომელიმე ქმედების განმეორებით ჩადენისთვის განსაზღვრულია შესაბამისი სამართალდარღვევის ჩადენისთვის დადგენილი სანქციის ორმაგი ოდენობით დაჯარიმება.

„ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ცვლილებებს საერთო განცხადებით უპასუხეს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა. მათი თქმით, აღნიშნული კანონი თავისი არსით და მოსალოდნელი შედეგით არის ხალხის დევნის აქტი, რომელიც მიზნად ისახავს მოქალაქეების დატოვებას მმართველი პარტიის სადამსჯელო სისტემის პირისპირ და საერთაშორისო საზოგადოებას უკრძალავს მათ თანადგომას.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ კანონი მიზნად ისახავს საქართველოს გადაქცევას ჩაკეტილ, იზოლირებულ სახელმწიფოდ, სადაც საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფერო უნდა დაექვემდებაროს პარტია „ქართული ოცნების“ ტოტალიტარული სტილის კონტროლს და გამოირიცხოს საზოგადოებისთვის საჭირო თანადგომის მიღება საერთაშორისო პარტნიორებისა და მეგობრებისაგან.

როგორც რუსული კანონის შემოღების წინა ტალღებისას, ახლაც „ოცნების“ ხელწერა ძალიან ჰგავს ავტორიტარული რეჟიმებისას.  მსგავსი კანონის მიღების შემდეგ დაიწყო მეზობელ აზერბაიჯანში დიდი რეპრესიები, რის შედეგადაც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ერთმანეთის მიყოლებით დაიხურა, საერთაშორისო ორგანიზაციები კი ქვეყნიდან საერთოდ გავიდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი