“საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველებმა” დღეს ტელევიზიის შენობასთან პრესკონფერენცია გამართეს, სადაც წამყვანების, ნინო ზაუტაშვილის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისა და ანა მეტრეველის სამსახურში აღდგენა მოითხოვეს.
გარდა ამისა, ისინი ითხოვენ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოყოს დრო საჯარო დისკუსიებისათვის, სადაც ჩვეულებრივი მოქალაქეები და მოწვეული სტუმრები საზოგადოებრივ საკითხებს განიხილავენ.
“საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა კონსტიტუციის მე-17 მუხლითაა უზრუნველყოფილი. საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისი იდეით და არსით არის დემოკრატიული ინსტიტუცია, რომელიც, სამწუხაროდ, დღეს არ და ვერ ასრულების კანონით გათვალისწინებულ მოვალეობებს. სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი დღეს ემსახურება მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესებს.
11 აპრილამდე გვჯეროდა, რომ შესაძლებელი იყო მენეჯმენტთან ერთად გვეპოვა გამოსავალი იმისთვის, რომ შეგვესრულებინა ჩვენი ვალდებულებები საზოგადოების წინაშე. სამწუხაროდ, დაშინების და ზეწოლის სხვადასხვა ფორმამ გუშინ მიაღწია კულმინაციას და ორი პროფესიონალი, ღირსეული ადამიანი, რომელიც ამ დროის განმავლობაში სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლის ღირსების დასაცავად იბრძვის, სამსახურიდან გაათავისუფლეს”, – განაცხადეს მათ პრესკონფერენციაზე.
გარდა ამისა, მოითხოვეს, რომ შეწყდეს ზეწოლა იმ თანამშრომლებზე, რომლებიც პროტესტში აქტიურად არიან ჩართულები. მათი ინფორმაციით, ზეწოლის შედეგად, რამდენიმე თანამშრომელმა, სწორედ ამ ზეწოლის გამო, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა სამსახური.
“ჩვენ, “საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები” არ ვეთანხმებით ამ უსამართლო გადაწყვეტილებას და მოვითხოვთ ნინო ზაუტაშვილისა და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის სამსახურში აღდგენას, ასევე, უნდობლობას ვუცხადებთ მიკერძოებულ მოკვლევას და მის შედეგებს.
დაშინების და მუქარის მცდელობების მიუხედავად, “საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები” ვაგრძელებთ ბრძოლას საზოგადოებისთვის და საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის დასაცავად – მოვითხოვთ ნინო ზაუტაშვილის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის და ანა მეტრეველის სამსახურში აღდგენას. მოვითხოვთ თანამშრომლებზე ზეწოლის შეწყვეტას, ვინაიდან გვაქვს ინფორმაცია, რომ ბოლო პერიოდში, სწორედ ამ მიზეზით რამდენიმე ადამიანმა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა სამსახური. მოვითხოვთ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის დაბრუნებას “მოამბის” წამყვანის პოზიციაზე და “რეალური სივრცის” სატელევიზიო ეთერში დაბრუნებას ნინო ზაუტაშვილთან ერთად, ვინაიდან “რეალური სივრცე” არხზე ერთადერთი გადაცემაა, რომელიც სიღრმისეულად და მიუკერძოებლად აშუქებდა საზოგადოებაში და ქვეყანაში არსებულ სოციალურ და პოლიტიკურ მოვლენებს, სადაც ისმოდა თქვენი, ხალხის ხმა.
არ გვეშინია, ვაგრძელებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას!”, – აღნიშნეს “საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველებმა” პრესკონფერენციაზე.
საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანი სახეები, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი სამსახურიდან გუშინ გაათავისუფლეს. ეს ინფორმაცია თავად ჟურნალისტებმა გაავრცელეს.
ორივე მათგანი აქტიურად იყო ჩართული მოძრაობაში “საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები”, რომელიც აკრიტიკებს მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილებებსა და სარედაქციო პოლიტიკას. ორივე მათგანი საუბრობს მაუწყებელში პოლიტიკურ გავლენებზე.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ორი წამყვანის – ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისა და ნინო ზაუტაშვილის გათავისუფლების გარდა, დისციპლინური სანქცია დაუწესა ოთხ მოქმედ თანამშრომელს. ესენი არიან:
- ირმა ჩუბინიძე – ბრენდინგისა და პრომოციის ჯგუფის რეჟისორი;
- კახაბერ მელიქიძე – პულტის რეჟისორის და შეთავსებით სპორტული არხის რეჟისორი;
- თამარ მშვენიერაძე – გადაცემა „რეალური სივრცის“ კორესპონდენტი;
- იოსებ კაციტაძე – გადაცემა „რეალური სივრცის“ წამყვანი.
ამ უკანასკნელმა მის მიმართ გამოყენებული სანქციის შესახებ ბრძანება საჯაროდ გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ვიგებთ, რომ მას საყვედური გამოუცხადეს იმ მოტივით, რომ “საჯარო სივრცეში გავრცელებული განცხადებებით, მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დაყენებით” დამსაქმებელს რეპუტაციული ზიანი მიაყენა. აქვე აღნიშნულია, რომ სანქციის მოქმედების პერიოდში – ერთი წლის განმავლობაში – იგივე ან სხვა დისციპლინური დარღვევის შემთხვევაში მასაც გაათავისუფლებენ.
ამ თემაზე:
ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლეს
გათავისუფლებულების გარდა, საზმაუმ დისციპლინური სანქცია ოთხი მოქმედი თანამშრომლის მიმართ გამოიყენა