საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ვერ მოიპოვა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლირების ლიცენზია.

როგორც მაუწყებლის ფინანსურმა დირექტორმა ნოდარ ჭიჭინაძემ სამეურვეო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, მათ მონაწილეობა მიიღეს FIFA-ს მიერ გამოცხადებულ კონკურსში, თუმცა დამარცხდნენ კერძო კომპანიასთან, რომელმაც მათზე ბევრად მეტი თანხა შესთავაზა ფეხბურთის მმართველ ორგანოს ლიცენზიის სანაცვლოდ.

ჭიჭინაძის თანახმად, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ დროის მონაცემებით მაუწყებელს არ აქვს უფლება, უჩვენოს მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები.

მისივე თქმით, იმ კომპანიას, რომელმაც საქართველოს ტერიტორიაზე მატჩების ჩვენების უფლება იყიდა, აქვს მოლაპარაკებები სხვადასხვა ტელევიზიებთან, რომ მათ ტრანსლირების უფლება მიჰყიდოს. მისი თქმით, თუ გაჩნდება შესაძლებლობა და შეთავაზება, რომ  ქველიცენცია იყიდონ ზემოხსენებული კომპანიისგან, შეიძლება ვითარება შეიცვალოს.

ჭიჭინაძეს ზემოხსენებული კერძო კომპანია არ დაუსახელებია.


მსოფლიო ჩემპიონატის ტურნირი ოფიციალურად დაიწყება 2026 წლის 11 ივნისს და დასრულდება ფინალური მატჩით 19 ივლისს.

მატჩები ჩრდილოეთ ამერიკის 3 ქვეყნის 16 სხვადასხვა ქალაქში ჩატარდება:

  • აშშ (11 ქალაქი): ნიუ-იორკი/ნიუ-ჯერსი (აქ გაიმართება ფინალი), ლოს-ანჯელესი, მაიამი, ატლანტა, სიეტლი, ჰიუსტონი, ფილადელფია, კანზას-სიტი, ბოსტონი, დალასი და სან-ფრანცისკო.

  • მექსიკა (3 ქალაქი): მეხიკო (აქ გაიმართება გახსნითი მატჩი ტურნირის პირველ დღეს), გვადალახარა და მონტერეი.

  • კანადა (2 ქალაქი): ტორონტო და ვანკუვერი.

ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტი საქართველოსთან მიმართებაში რამდენიმე სხვადასხვა სასაათო სარტყელშია მოქცეული (დროის სხვაობა თბილისთან ძირითადად -8-დან -11 საათამდეა). ამის გამო, ქართველ გულშემატკივარს თამაშების ყურება ძირითადად გვიან საღამოს, ღამით და დილით ადრე მოუწევს.