საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანი სახეები, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ეს ინფორმაცია თავად ჟურნალისტებმა გაავრცელეს.
როგორც ივანოვ-ჩიქოვანი ჰყვება, დღეს, 11 აპრილის საღამოს დაურეკა მაუწყებლის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა და დაიბარა დირექტორთან, თინათინ ბერძენიშვილთან შეხვედრაზე. სწორედ ამ შეხვედრაზე უთხრა ბერძენიშვილმა მას, რომ სამსახურიდან გათავისუფლებულია.
“გამაცნეს გადაწყვეტილება: შიდა მოკვლევის ვადები დღე-დღეზე იწურება. მოკვლევის დოკუმენტის მიხედვით, დღეს დირექტორთა საბჭომ იმსჯელა და მიღო გადაწყვეტილება, რომ მე გავეთავისუფლებინე სამასახურიდან”, – ამბობს ივანოვ-ჩიქოვანი.
ნინო ზაუტაშვილმა ჩამოთვალა იმ ადამიანების სახელები, რომლებიც ბერძენიშვილთან ერთად შეხვდნენ მას და გააცნეს მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება.
“ორმოცი წელი ვიმუშავე საზოგადოებრივ მაუწყებელზე. პატარა წყვეტა მქონდა შუაში, 8- წლიანი. დანარჩენი, სრული 40-წელი გავატარე [მაუწყებელში]. ზუსტად ორი წუთის წინ [19:02 საათი] საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა, ელენე მიხაელოვნამ და თამარ შუბლაძემ მითხრეს, რომ ჩვენი თანამშრომლობის რესურსი ამოიწურა და, სამწუხაროდ, უნდა გაგიშვათო.
[…] დისციპლინური მოკვლევა ახსენეს, რის საფუძველზეც გამიშვეს სამსახურიდან, ოღონდ დისციპლინური მოკვლევის შედეგები ჩემთვის არავის არ გაუცნია”, – ჰყვება ზაუტაშვილი.
ის ამბობს, რომ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.
ორივე მათგანი აქტიურად იყო ჩართული მოძრაობაში “საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები”, რომელიც აკრიტიკებს მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილებებსა და სარედაქციო პოლიტიკას. ორივე მათგანი საუბრობს მაუწყებელში პოლიტიკურ გავლენებზე.
ბოლოს მათ კრიტიკული გამოსვლები ჰქონდათ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე 21 მარტს. სწორედ ამ სხდომაზე გახმიანდა ინიციატივა იმის შესახებ, რომ მათი, ასევე რეჟისორის, კახა მელიქიძის დაფიქსირებული “პრეტენზიებით” პროკურატურა უნდა დაინტერესდეს. ისინი აცხადებდნენ, რომ კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების განცხადებები იმის შესახებ, რომ მაუწყებელი სათანადო ყურადღებას არ უთმობს მნიშვნელოვანი სოციალური მოვლენების გაშუქებას, მათ შორის, ჟურნალისტებზე ძალადობის შემთხვევებს და დღის წესრიგს პოლიტიკური მიზანშეწონილობის შესაბამისად ადგენს, უსაფუძვლოა. სწორედ ამ განცხადებების შემდეგ დაიწყო მენეჯმენტმა დისციპლინური მოკვლევა მათ წინააღმდეგ.
ნინო ზაუტაშვილი იყო გადაცემა “რეალური სივრცის” წამყვანი, ხოლო ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი მთავარი საინფორმაციო გამოშვების, “მოამბის” წამყვანი. 4 თებერვლის შემდეგ მას გადაცემა აღარ მიჰყავს. გადაცემისგან “დროებით” ჩამოშორების მიზეზად წამყვანს დაუსახელეს “თანამშრომელთა შორის არსებული და შესაძლო სამომავლო დისკომფორტის, დაძაბული და არაჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნის/გაუარესების საფრთხის თავიდან აცილება”. ეს მას შემდეგ, რაც საინფორმაციო გამოშვების პროდიუსერებმა მასთან მუშაობაზე უარი თქვეს. მიზეზად მათ წამყვანის მიერ ეთერში გაჟღერებული განცხადებები დაასახელეს. მათ შორის იყო ივანოვ-ჩიქოვანის პოზიცია, როც ყველა საინფორმაციო გამოშვებას იწყებდა ნეტგაზეთი/ბათუმელების დირექტორისა და თანადამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიმართ სოლიდარობის გამოცხადებით.
“სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს. (საზოგადოებრივ მაუწყებელში) გავლენები არის, ხალხის ხმა არ ისმის. მე პოზიციას არ ვცვლი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკი ვერ პასუხობს მისი სარედაქციო პოლიტიკით საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებს. ვიმეორებ, გავლენა არსებობს, ეს გავლენა არის ვასილ მაღლაფერიძე და ამ პოზიციას არ შევიცვლი“, — ასეთი იყო ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის პოზიცია, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზეც გაახმიანა 30 იანვარს, ცოტა ხნით ადრე მის გათავისუფლებამდე.
ამავე თემაზე: