ახალი ამბები

პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა ახლობლები საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნიან

2 აპრილი, 2025 •
პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა ახლობლები საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნიან

პროევროპულ აქციებზე დაკავებული სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები და ახლობლები ქმნიან ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას, სახელად “სინდისის პატიმრების თავისუფლებისთვის”.

მათ 8 აპრილს დააანონსეს აქციაც. როგორც აღნიშნეს, ისინი 8-ში 9 აპრილის მემორიალთან შეიკრიბებიან და ღამეს რუსთაველის გამზირზე გაათევენ.

დაკავებული ირაკლი ქერაშვილის დამ, ქეთუნა ქერაშვილმა მოძრაობის სახელით სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ მათი მთავარი მოთხოვნები აქციების დროს პატიმრების გათავისუფლება და ახალი, სამართლიანი არჩევნების დანიშვნაა.

“ჩვენი შვილები, დები, ძმები და მეგობრები დღეს სინდისის პატიმრები არიან. ისინი დააკავეს მხოლოდ იმიტომ, რომ მშვიდობიანად აპროტესტებდნენ ხელისუფლების უკანონო ქმედებებს, არჩევნების გაყალბებას, დემოკრატიული პრინციპების ფეხქვეშ გათელვას და ქვეყნის პროდასავლური კურსიდან გადახვევას. მათი დაკავება პოლიტიკური რეპრესიების ნაწილია, რომელიც საზოგადოების დაშინებას და განსხვავებული აზრის ჩახშობას ისახავს მიზნად.

ჩვენ, სინდისის პატიმრების მშობლები და ოჯახის წევრები ვქმნით საზოგადოებრივ მოძრაობას “სინდისის პატიმრების თავისუფლებისთვის” და ვაცხადებთ შემდეგს:

გვინდა დავიწყოთ წინადადებით – 2008 წლის აგვისტოს ომი რუსეთმა დაიწყო. აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა.

მადლობა ყველა ჯარისკაცს, გენერალს, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შეუდრეკელი სულისკვეთებისთვის. მათ, ვინც წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის დაცვაში. ჩვენ ქედს ვიხრით თქვენი თავდადებისა და ბრძოლისთვის, შესაბამისად, არავის მივცემთ უფლებას, ეჭვი შეიტანონ თქვენს სულისკვეთებასა და პატრიოტიზმში. დავიცავთ საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის მებრძოლ შვილებს, ძმებს, დებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც იდეისთვის იბრძვის. არ დავუშვებთ მათ უდანაშაულოდ ციხეში დარჩენას. ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ მათი გათავისუფლებისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ”, – განაცხადა ქერაშვილმა.

სინდისის პატიმრების ახლობლებმა განცხადებით მიმართეს საზოგადოებას, პოლიტიკურ პარტიებს, სტუდენტებსა თუ სხვა ჯგუფებს და ერთიანობისა და მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

“მოვითხოვთ ყველა უკანონო პატიმრის გათავისუფლებას, ახალი, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების დანიშვნას, სადაც ხალხი საკუთარი ქვეყნის მომავალს თავისუფლად გადაწყვეტს. ჩვენ ვუხმობთ ყველას, ვისთვისაც თავისუფლება და სამართლიანობა ძვირფასია – სამოქალაქო საზოგადოებას, პოლიტიკურ პარტიებს, სტუდენტებს, მედიას, ხელოვანებს, მასწავლებლებს, ექიმებს, მთელ საქართველოს. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი შვილების ბრძოლა. ეს არის ბრძოლა ყველასთვის, ვისაც არ სურს დიქტატურა, რუსეთის გავლენა და უსამართლობა. დღეს ჩვენ ვიწყებთ ახალ წინააღმდეგობის მოძრაობას, რომელიც იქნება მტკიცე და შეუპოვარი.

გთხოვთ, შემოგვიერთდით ამ ბრძოლაში, რათა ერთად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მომავალი. ვიკრიბებით 8 აპრილს მემორიალთან და ვათენებთ ღამეს ერთად – 9 აპრილს დაღუპულთა სულების პატივსაცემად, რუსთაველის გამზირზე. გამარჯვება ხალხშია! გავიმარჯვებთ სახელოვნად!”, – ამბობენ მოძრაობის წევრები.

მასალების გადაბეჭდვის წესი