ახალი ამბები

თსუ-ს ლექტორი ამბობს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს

13 მარტი, 2025 •
თსუ-ს ლექტორი ამბობს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორი თამარ ტატანაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს.

მისი თქმით, რუსული კანონის მიღების შემდეგ უნივერსიტეტში შევიწროება და არასამართლიანი მოპყრობა განსაკუთრებით შესამჩნევი იყო.

“თსუ-ს იურიდიულმა ფაკულტეტმა უწყვეტი 8- წლიანი სტაჟის შემდეგ გადაწყვიტა, რომ თურმე აღარ ვჭირდები იურიდიულ განათლებას. ეს ფაქტი გასაოცარი ჩემთვის ნამდვილად არ ყოფილა, რადგან შევიწროება და არასამართლიანი მოპყრობა განსაკუთრებით შესამჩნევი იყო რუსული კანონის მიღების პროცესიდან. თუ მაშინ ვერ იგებდნენ, „რა იყო ამ კანონში რუსული“, ახლა ხომ ხედავთ სახელებითა და გვარებით.

ყველაზე მეტად რაზეც გული მტკივა, არის ჩემი სტუდენტები და ზოგადად მათთან ურთიერთობის ბედნიერება. ყველამ ძალიან კარგად იცის, როგორ მიყვარს ჩემი საქმე, რომელსაც მთელი გულით ვემსახურე. რას ვიზამთ, პროგრესი და სოვაკურ-პროვინციალური შეგნება ერთად ვერ თავსდება. უდიდესი შრომა მაქვს ჩადებული სტუდენტებთან ურთიერთობაში და მათ შორის უნივერსიტეტშიც, ისე, რისი შესაძლებლობაც მქონდა, თუმცა მე არ ვარ საჭირო. სამაგიეროდ გადახედეთ სიას და ჩამონათვალს, უმეტესობა ვინ არის და რა ბექგრაუნდით.
პროფესიულ და ადამიანურ ღირებულებებს ნამდვილად ვერ მოვთხოვ რეჟიმის მსახურებს, რომლებსაც მეტი ფუნქცია უბრალოდ არ გააჩნიათ. თუმცა ნამდვილად საინტერესოა, რას აპირებთ, კოლეგებო, და რამდენი ხანი აპირებთ ამ ყველაფრის ყურებას? მესმის, რომ ბევრი ბედნიერად გადაინაწილებს საათებს, მაგრამ ცუდი ამბავი არის ის, რომ მაქსიმუმ შემოდგომაზე ყველას მოგადგებიან…

…პ.ს. ეგ „ლარი ოცი“ 200 ლარი მაინც დედაჩემის ონკოლოგიურ კვლევებში უნდა დამეხარჯა, ჰოდა, თქვენი იყოს 200-იც და 2000-იც, ყველა თეთრი კლინიკებში გეხარჯოთ სიცოცხლის ბოლომდე, ვინც ეს დაიმსახურეთ”, – წერს ის სოციალურ ქსელში.

ნეტგაზეთმა სცადა თსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაჰკავშირებოდა და ეკითხა, თუ რა გახდა თამარ ტატანაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების ოფიციალური მიზეზი, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენს ზარებს არ პასუხობს. პასუხის შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი