ახალი ამბები

სერბეთის პარლამენტში ოპოზიციამ კვამლის ხელყუმბარები და ცრემლსადენი გაზი ისროლა

4 მარტი, 2025 •
სერბეთის პარლამენტში ოპოზიციამ კვამლის ხელყუმბარები და ცრემლსადენი გაზი ისროლა

სერბეთის პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კვამლის ხელყუმბარები და ცრემლსადენი გაზი ისროლეს.

როგორც Reuters წერს, ოპოზიციონერებს ამ ქმედებით სურდათ სტუდენტური პროტესტის მხარდაჭერის გამოხატვა და ხელისუფლების პოლიტიკისადმი წინააღმდეგობის ჩვენება.

სააგენტოს ცნობით, სერბეთის პარლამენტის სპიკერმა ანა ბრნაბიჩმა განაცხადა, რომ დაშავდა ორი დეპუტატი, მათ შორის ერთ-ერთი სერბეთის პროგრესული პარტიის (SNS) წევრი იასმინა ობრადოვიჩი, რომელმაც ინსულტი მიიღო და კრიტიკულ მდგომარეობაშია.

„პარლამენტი გააგრძელებს მუშაობას და დაიცავს სერბეთს“, – განაცხადა ანა ბრანბიჩმა სესიაზე.

Reuters-ის ცნობით, პარლამენტს უნდა მიეღო კანონი უნივერსიტეტებისთვის დაფინანსების გაზრდის შესახებ, რაც სტუდენტების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა.

თუმცა, სააგენტოს ცნობით, მმართველი კოალიციის მიერ დღის წესრიგში შეტანილმა სხვა საკითხებმა ოპოზიციის აღშფოთება გამოიწვია.

უკვე 4 თვეა სერბეთში მასობრივი აქციები მიმდინარეობს. სერბეთში პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც პირველ ნოემბერს ქვეყნის ჩრდილოეთში, ქალაქ ნოვი სადში, რკინიგზის სადგურზე ბეტონის ჭერის ჩამონგრევას, ჯამში, 15 ადამიანი ემსხვერპლა. ნოვი სადის ტრაგედიის გამო სერბეთში საპროტესტო მოძრაობის მონაწილეები პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩისა და შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვენ. პროტესტის ფონზე გადადგა სერბეთის პრემიერ-მინისტრი მილოშ ვუჩევიჩი, ინფრასტრუქტურის მინისტრი გორან ვესიჩი და დააკავეს 10-ზე მეტი ადამიანი.


სერბეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. სერბეთის ოპოზიციური პარტიები და უფლებადამცველები ალექსანდრ ვუჩიჩს და მის პარტიას ამომრჩევლების მოსყიდვაში, მედიის თავისუფლების შეზღუდვაში, ოპონენტების მიმართ ძალადობაში, კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან კავშირში ადანაშაულებენ. ვუჩიჩი და მისი მოკავშირეები ამ ბრალდებებს უარყოფენ.

ალექსანდრ ვუჩიჩი, რომელიც რუსეთის ახლო მოკავშირეა, ერთ-ერთია იმ პრეზიდენტებს შორის, რომლებმაც მიხეილ ყაველაშვილს „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტად არჩევა მიულოცეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი