უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის შეხვდეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, თუ კვლავ მიიწვევს მას „რეალური პრობლემების გადასაჭრელად“.
„ჩვენ ვიმსახურებთ თანაბარუფლებიან დიალოგს. კონსტრუქციული დიალოგისთვის, რეალური პრობლემების გადასაჭრელად, სერიოზული კითხვებისთვის და რეალური, გადამწყვეტი ქმედებებისთვის და პასუხებისთვის ჩამოვალ [აშშ-ში]“, — განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ თქვა, რომ დღის წესრიგიდან არ მოხსნილა წიაღისეულის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა მინისტრების დონეზე.
„შეთანხმება, რომელიც მაგიდაზეა, გაფორმდება, თუ მხარეები მზად იქნებიან“, — თქვა მან.
28 თებერვალს თეთრ სახლში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა მწვავე კამათის ფონზე წარიმართა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრი სახლი დაგეგმილზე ადრე დატოვა ისე, რომ წიაღისეულის შესახებ შეთანხმება არ გაფორმებულა.
ორი დღის შემდეგ, 2 მარტს, ევროპის ქვეყნების ლიდერები, ასევე, ევროკავშირისა და NATO-ს ხელმძღვანელი პირები, კანადის პრემიერ-მინისტრი და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლონდონში, სამიტზე შეიკრიბნენ, სადაც უკრაინის უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, მასპინძელმა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ომის დასრულების გეგმაზე ევროპელები იმუშავებენ და შემდეგ განიხილავენ მას აშშ-თან. სტარმერის თქმით, მართალია, სამშვიდობო მოლაპარაკებების სიმძიმე საკუთარ თავზე ევროპამ უნდა აიღოს, მაგრამ შეთანხმებას შეერთებული შტატების მხარდაჭერა დასჭირდება.