ამ წუთებში თეთრ სახლში უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრამდე ნავარაუდევი იყო, რომ ტრამპი და ზელენსკი ხელს მოაწერდნენ შეთანხმებაზე, რომლითაც შეერთებულ შტატებს ექნებოდა წვდომა უკრაინის წიაღისეულზე, უკრაინა კი უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებდა.
დამსწრე რეპორტიორებისგან უკვე გამოდის ინფორმაცია მიმდინარე შეხვედრიდან. BBC-ის ცნობით, შეხვედრაზე ზელენსკი, ტრამპი და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეიდი ვანსი მწვავე რეპლიკებს უცვლიან ერთმანეთს. ვანსი ზელენსკის ეუბნება, რომ ის უპატივცემულობას იჩენს. ტრამპი კი ამატებს, რომ უკრაინის პრეზიდენტი მესამე მსოფლიო ომს ეთამაშება და სათანადოდ არ ავლენს მადლიერებას.
მანამდე ტრამპმა უპასუხა კითხვას უკრაინის იარაღით დახმარების შესახებ და აღნიშნა, რომ აშშ განაგრძობს დახმარებას, მაგრამ იმედია, ეს დიდხანს აღარ მოუწევთ.
„ჩვენ არ ველით, რომ ბევრ იარაღს გავგზავნით. ჩვენ ველით, რომ ომი მალე დასრულდება. ასე რომ, დიახ, იარაღს გავგზავნით, მაგრამ იმედია, რომ არ მოგვიწევს ბევრის გაგზავნა“, — თქვა ზელენსკისთან შეხვედრისას ტრამპმა.
ზელენსკიმ შეხვედრის დაწყებამდე თქვა, რომ მისი აზრით დონალდ ტრამპი უკრაინის მხარესაა.
რამდენიმე დღით ადრე ტრამპმა ზელენსკი დიქტატორად მოიხსენია. მერე კი, ჟურნალისტის კითხვის პასუხად, აღნიშნა, რომ არ სჯერა, უკრაინის პრეზიდენტს დიქტატორს არ უწოდებდა.
ტრამპთან შეხვედრამდე უკრაინის პრეზიდენტი ამერიკელ სენატორებსაც შეხვდა.
მნიშვნელოვანი ვიზიტით ვიმყოფები აშშ-ში. ვაშინგტონში შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულ დელეგაციას შევხვდი. ჩვენი დისკუსია უკრაინისადმი მიმდინარე სამხედრო დახმარებას შეეხებოდა, შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივებს, ჩემს შეხვედრას პრეზიდენტ ტრამპთან, ძალისხმევას, რომ მივაღწიოთ სამართლიან და მდგრად მშვიდობას, ჩვენს ხედვებს ომის დასრულებასთან დაკავშირებით, მტკიცე უსაფრთხოების გარანტიების მნიშვნელობას.
ვამაყობთ, რომ ისეთი სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები გვყავს, როგორიც შეერთებული შტატებია. მადლიერები ვართ უპირობო ორპალატიანი და ორპარტიული მხარდაჭერის გამო, რასაც უკრაინა იღებს აშშ-სგან რუსეთის მხრიდან მთელი ამ სამწლიანი სრულმასშტაბიანი აგრესიის მანძილზე“, — დაწერა სენატორებთან შეხვედრის შესახებ პრეზიდენტმა ზელენსკიმ.