ახალი ამბები

$2 მილიარდი უკრაინას სამხედრო შეიარაღებისთვის – UK-ს პრემიერი სამიტს აჯამებს

2 მარტი, 2025 •
$2 მილიარდი უკრაინას სამხედრო შეიარაღებისთვის – UK-ს პრემიერი სამიტს აჯამებს

ლონდონში დასრულდა სამიტი, რომელიც უკრაინაში მშვიდობის დამყარებას ეხებოდა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა პრესკონფერენციაზე შეაჯამა დაახლოებით 2-საათიანი მოლაპარაკებების შედეგი.

სტარმერმა თქვა, რომ საკითხები, რომლებზეც ისაუბრეს, ეხება არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოებას.

“ჩვენ ვართ ისტორიულ გზაჯვარედინზე” – ასე დაიწყო სტარმერმა და გაიმეორა ჯერ კიდევ სამიტის დაწყებამდე დაანონსებული ინიციატივა, რომ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და სხვა ქვეყნები იმუშავებენ უკრაინასთან ბრძოლის შეჩერების გეგმაზე. მან თქვა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების სიმძიმე საკუთარ თავზე ევროპამ უნდა აიღოს, თუმცა დასძინა, რომ შეთანხმებას აშშ-ის მხარდაჭერა დასჭირდება.

გარდა ამისა, სტარმერმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას წვდომას მისცემს 1,6 მილიარდ ფუნტზე [დაახლოებით 2 მილიარდი დოლარი] სამხედრო შეიარაღებისთვის. კონკრეტულად – ახალი რაკეტების შესაძენად. სტარმერის თქმით, ეს თანხა უზრუნველყოფილი იქნება გაყინული რუსული აქტივებიდან.

სტარმერმა 4 პუნქტად ჩამოაყალიბა წინადადებები, რაზეც კანადის, თურქეთისა და ევროპის ქვეყნების ლიდერები, ასევე ევროკავშირისა და NATO-ს ხელმძღვანელი პირები შეთანხმდნენ:

1. სანამ ომი გრძელდება, გაგრძელდება უკრიანის სმახედრო მხარდაჭერა;
2. უკრაინა უნდა იყოს ნებისმიერ მაგიდასთან, სადაც სამშვიდობო მოლაპარაკებები განიხილება;
3. ევროპელმა ლიდერებმა მიზნად უნდა დაისახონ თავიდან აიცილონ უკრაინაში რუსეთის სამომავლო შეჭრა სამშვიდობო შეთანხმების მიღწევს შემდეგ;
4. შეიქმნება უკარიანის დაცვისა და იქ გრძელვადიანი მშვიდობის “მსურველთა კოალიცია”, რომელიც სამომავლოდაც გააგრძელებს მუშაობას აღნიშულ საკითხებზე.

სამიტის შემდეგ კომენტარი გააკეთა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმაც. მან აღნიშა, რომ დისკუსია იყო “კარგი და გულწრფელი”. მისი თქმით, საუბარი შეეხებოდა იმ უსაფრთხოების გარანტიებს, რომლებიც სჭირდება უკრაინას სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის და აღნიშნა, რომ ეს გარანტიები უნდა იყოს ყოვლისმომცველი – დაწყებული ეკონომიკური სტაბილურობიდან, დასრულებული სამხედრო გაძლიერებით.

უკრაინაში რუსეთის ომის შესახებ სამიტს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა უმასპინძლა. სწორედ სტარმერს შეხვდა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მას შემდეგ, რაც ვაშინგტონში მისი და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრა სიტყვიერი დაპირისპირებით დასრულდა.

კამათის შემდეგ, ზელენსკიმ თეთრის სახლის დაგეგმილზე ადრე დატოვა, ტრამპმა კი განაცხადა, რომ ზელენსკი მშვიდობის მისაღწევად მზად არ არის. ვაშინგტონ პოსტის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის სრულად შეწყვეტის საკითხს განიხილავს.

ლონდონის სამიტში მონაწილეობას კანადის, თურქეთისა და ევროპის 10-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი, ასევე ევროკავშირისა და NATO-ს ხელმძღვანელი პირები იღებენ მონაწილეობას.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი