CNN-მა გაარკვია რა მოხდა თეთრ სახლში საჯარო კამათის შემდეგ, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის, ასევე ვიცე-პრეზიდენტ ვანსს შორის მოხდა.
CNN წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ როდესაც თეთრ სახლში შეხვედრის საჯარო ნაწილი ტრამპსა და ზელენსკის შორის დასრულდა, დონალდ ტრამპი თავის მრჩევლებთან ერთად ცალკე ოთახში გავიდა.
ტრამპმა გამართა კონსულტაციები ვანსთან, სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან და ხაზინის ხელმძღვანელ სკოტ ბესანტთან. მასთან ერთად იმყოფებოდნენ სხვა მრჩევლებიც.
CNN-ის ცნობით, სწორედ ამ კონსულტაციების შემდეგ ჩამოაყალიბა ტრამპმა პოზიცია, რომ ზელენსკი “არ იყო მზად მოლაპარაკებებისთვის”. უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველ მაიკლ ვოლცს დაევალა, რომ უკრაინელებისთვის გადაეცა ეს გზავნილი და რომ მათ უნდა დაეტოვებინათ თეთრი სახლი.
თეთრი სახლის პრესსპიკერმა CNN-ს უთხრა, რომ უკრაინელებს სურდათ მოლაპარაკების გაგრძელება, თუმცა ამერიკელებმა თავი შეიკავეს.
ზელენსკიმ კი მალევე დატოვა თეთრი სახლი.
თეთრ სახლში უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა და დიალოგი მწვავე კამათის ფონზე წარიმართა. ტრამპმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ზელენსკიმ უპატივცემულობა გამოავლინა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში.
„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა დღეს თეთრ სახლში. ბევრ რამეს გაიგებ ასეთ შეხვედრაზე ისეთს, რასაც ვერასდროს მიხვდები საუბრის გარეშე ასეთ წნეხსა და დაძაბულობაში. შესანიშნავია, რომ ემოციებით ბევრ რამეს ავლენს. მე მივხვდი, რომ პრეზიდენტი ზელენსკი არ არის მზად მშვიდობისთვის, თუ ამერიკა ჩაერთვება საქმეში, რადგან მას ჰგონია, რომ ჩვენი ჩართულობა დიდ უპირატესობას აძლევს მოლაპარაკებებში. მე არ მინდა უპირატესობა, მე მინდა მშვიდობა. მან უპატივცემულობა გამოავლინა შეერთებული შტატებისადმი ჩვენთვის ძვირფას ოვალურ კაბინეტში. შეუძლია მაშინ დაბრუნდეს, როცა მშვიდობისთვის იქნება მზად“, — განაცხადა ტრამპმა ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ.
რამდენიმე დღით ადრე ტრამპმა ზელენსკი დიქტატორად მოიხსენია. მერე კი, ჟურნალისტის კითხვის პასუხად, აღნიშნა, რომ არ სჯერა, უკრაინის პრეზიდენტს დიქტატორს არ უწოდებდა. ტრამპთან შეხვედრამდე უკრაინის პრეზიდენტი ამერიკელ სენატორებსაც შეხვდა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თეთრ სახლში ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯეიდი ვანსთან დაძაბული შეხვედრის შემდეგ, ტელეკომპანია FOX-ის ეთერში ისაუბრა.
„გაგვიჭირდება თქვენი დახმარების გარეშე. თქვენი ხალხი ჩვენს ხალხს გადარჩენაში ეხმარება. ამიტომ ვართ აქ. ვწუხვარ იმ კამათის გამო [რაც თეთრ სახლში მოხდა]“, — თქვა ზელენსკიმ.
ჟურნალისტის კითხვაზე, მოუხდიდა თუ არა ბოდიშს დონალდ ტრამპს, მან უპასუხა, — „ღიად და გულახდილად უნდა ვილაპარაკოთ. მე არ მგონია, რომ რამე დავაშავეთ“.