ახალი ამბები

“ოცნების” მთავრობა Agenda.ge-ს აუქმებს და ორსულ თანამშრომელს ათავისუფლებს

28 თებერვალი, 2025 •
“ოცნების” მთავრობა Agenda.ge-ს აუქმებს და ორსულ თანამშრომელს ათავისუფლებს

„ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ 2013 წელს დაფუძნებული საინფორმაციო პლატფორმა Agenda.ge უქმდება.

ამის შესახებ ინფორმაცია „ნეტგაზეთს“ მთავრობის პრესსამსახურმა დაუდასტურა.

პრესსამსახურის ცნობით, თანამშრომლებთან, რომლებიც Agenda.ge-ში მუშაობდნენ, ცალკეულად ხელშეკრულება არ შეუწყვეტიათ.

მანამდე, ვებ-გვერდის პოლიტიკის რედაქტორმა, გვანცა გაბეხაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რეორგანიზაციის სახელით, მთავრობის ადმინისტრაციამ მასთან 10-წლიანი თანამშრომლობა შეწყვიტა. როგორც პოსტში აღნიშნა, მასთან ერთად გაათავისუფლეს მისი თანამშრომლები და ხელმძღვანელი სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ინგლისურენოვანი განყოფილებიდან (Agenda.ge).

“დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, გამოგონილი ,,რეორგანიზაციის” სახელით, რომელიც რეპრესიულ მექანიზმად აქციეს საჯარო სექტორში, დაასრულა ჩემთან 10- წლიანი ურთიერთობა, ასევე, ჩემს უკარგეს თანამშრომლებთან და უშუალო ხელმძღვანელთან სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ინგლისურენოვან განყოფილებაში.

ეს, ჩემთვის პირადად, არ ყოფილა მოულოდნელი, იმიტომ, რომ დიდი ხანია ჩანს, როგორი კადრებიც სჭირდებათ და აგროვებენ საჯარო სექტორში, რომელთა კვალიფიკაციაზეც, წესით, დგას ნებისმიერი განვითარებული სახელმწიფო. ამათთვის დიდი ხანია პრიორიტეტული აღარ არის, პირიქით საფრთხეა, პროფესიონალი და მორალურად გამართული საჯარო მოხელე, რომელმაც კარგად იცის, რომ პარტიას არ უნდა ემსახუროს და არ უნდა დახუჭოს თვალი იმაზე, რაზეც არ არის დასახუჭი”, – წერს გვანცა გაბეხაძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, იგი ფეხმძიმედაა და მეოთხე შვილს ელოდება. საქართველოს კანონში “საჯარო სამსახურის შესახებ” აღნიშნულია, რომ “მოხელე (ქალი) არ შეიძლება განთავისუფლდეს სამსახურიდან ორსულობის ან ბავშვის 3 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში შტატების შემცირების, ხანგრძლივი შრომისუუნარობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის, აგრეთვე ატესტაციის შედეგების გამო.”

“ამ უმსგავსობას რომ თავი დავანებოთ, მთავრობა, რომელიც ხალხს თვალში ნაცარს აყრის ,,პატრიოტიზმით და რელიგიურობით”, რომელიც, სინამდვილეში, მათი ქმედებებიდან და ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ბოლო ადგილზეც კი არ უდგათ, სამსახურიდან მიშვებს ორსულს, რომელიც ამ “აყვავებულ ეკონომიკაში”, სადაც არც მშობელი წარმოადგენს რამეს და არც ბავშვი, ვბედავ და მეოთხე შვილს ვაჩენ.

ვინც დღეს თბილად სხედხართ, თუნდაც კერძო სექტორში, ან თქვენი ბიზნესი გაქვთ და გგონიათ, რომ ეს არ შეგეხებათ, ძალიან ცდებით. ზუსტად ისე შეგეხებათ, როგორც ,,აყვავებული ეკონომიკა” გეხებათ და კიდევ ბევრი რამე… რეჟიმი ისე ექცევა ყველას, მათ შორის თავგადაკლულ მომხრეებს, როგორც აწყობს. რეჟიმი იყო წინა ხელისუფლება, ეს ხელისუფლებაც არის რეჟიმი და სანამ დიქტატურა საბოლოო სახეს მიიღეს, მანამდე ამოიღეთ ხმა.

ინგლისურენოვანი საინფორმაციო პლატფორმა Agenda.ge საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ 2013 წლის დეკემბერში შეიქმნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი