ზურა მენთეშაშვილის საქმეზე დღეს დაცვის მხარის მოწმე, ზურაბ ცეცხლაძე, სინდისის პატიმრის, სტუდენტ ზვიად ცეცხლაძის მამა დაიკითხა და ამით სასამართლოში მტკიცებულებების კვლევა დასრულდა. დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს პროკურორმა და ადვოკატმა.

ზურა მენთეშაშვილი დაპატიმრებამდე პროტესტის აქტიური მონაწილე იყო. 61 წლის კაცს გასული წლის ოქტომბერში აქციის მიმდინარეობისას, გადაკეტილ რუსთაველზე გზის სავალ ნაწილზე დგომის გამო სისხლის სამართლის წესით ასამართლებენ და წლამდე პატიმრობა ემუქრება. თუმცა 6 თვეზე მეტია, ის უკვე პატიმრობაში ჰყავთ. პროკურორ მაია ჟვანიას კი, რომელიც კატეგორიულად უარს ამბობს მედიასთან კომენტარის გაკეთებაზე, კონსტიტუცია, როგორც საქართველოს უზენაესი კანონი, მენთეშაშვილის უდანაშაულობის გარანტად „ეცოტავება“.

„საზოგადოებას თქვენ ელაპარაკებით. მე პროკურორი ვარ“, — ასეთია პროკურორ მაია ჟვანიას საბოლოო პასუხი კითხვაზე, რატომ არაა დაინტერესებული, რომ საზოგადოებას განუმარტოს თავისი პოზიცია ჩვენი, ჟურნალისტების საშუალებით. მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ სხდომათა დარბაზებიდან კამერები განდევნილია და მედია ვეღარ იღებს იმას, რაც სასამართლოს შენობაში ხდება.

პროკურორის დასკვნით სიტყვამდე ზურაბ ცეცხლაძე დაიკითხა, როგორც პირი, რომელმაც თბილისის მერიას განცხადებით მიმართა, რომ კონკრეტულად 2025 წლის 20 ოქტომბრიდან 20 ნოემბრამდე რუსთაველის გამზირზე ჩატარდებოდა აქცია ყოველდღიურად. 19:00 საათიდან 24:00 საათამდე და გზის სავალი ნაწილი იქნებოდა გადაკეტილი პროტესტში ჩართული ხალხის მიერ. განცხადებას ინფორმაციული ხასიათი აქვს. ზურაბ ცეცხლაძემ წარმოადგინა ცნობაც, როგორც დასტური, რომ მერიამ განცხადება მიიღო. აქციის ჩატარებას მერიიდან ნებართვა არ სჭირდებოდა. იმ დროისათვის, არც გარკვეული დირექტივები იყო უწყებისგან საჭირო, როგორც დღეს ეს უკვე შსს-ს აქვს დაკისრებული. კანონი ითვალისწინებდა მხოლოდ აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში უწყების უფლებამოსილებას, ორგანიზატორებთან ერთად განეხილა ალტერნატივები, რასაც მერიის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

ამ ყველაფრის მიუხედავად, როდესაც ცეცხლაძემ განაცხადა, რომ ისიც და პროტესტის სხვა მონაწილეებიც სარგებლობდნენ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებითა და თავისუფლებებით, პროკურორმა ჟვანიამ რამდენჯერმე იკითხა: „მხოლოდ კონსტიტუცია?! მეტი არაფერი?! კიდევ რამე სხვა კანონი არა?“

ზურაბ ცეცხლაძეს, რომელიც თავადაც იურისტია, მოუწია, პროკურორისთვის შეეხსენებინა, რომ კონსტიტუციაზე მაღლა არცერთი კანონი დგას.

„საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას“ — საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 6.

„ზურაბ მენთეშაშვილმა ჩაიდინა შეკრების ჩატარების წესის დარღვევა“, — აცხადებს პროკურორი და მენთეშაშვილის, როგორც მანამდე უკვე სახდელდადებული პირის [ჯარიმა გზის სავალ ნაწილზე პირბადით დგომის გამო], დასჯას ითხოვს „კანონის შესაბამისად, საზოგადოებისათვის არსებული საშიშროების გათვალისწინებით“ — ანუ 1 წლამდე პატიმრობით.

საამისოდ, პროკურორი მაია ჟვანია დარწმუნებულია, რომ ნაყოფიერად იმუშავა და წარმოადგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, მათ შორის, დაკითხა პოლიციელები, გამომძიებლები. არაერთგზის დაწვრილებით აღწერა, როგორ მოიპოვა გამოძიებამ ნივთმტკიცებები: მენთეშაშვილის „ტანთცმული ტანსაცმელი“, ქართული რაგბის და აშშ-ის დროშები, მეტრომანის ბარათები, თეთრი ფერის სამედიცინო პირბადე, გასაღები, მხედველობის სათვალე, ხაკისფერი ჩანთა, მობილური ტელეფონი.

„უკანონოდ იღებდა მონაწილეობას აქციაში და უკანონოდ კეტავდა გზას, ეჭვ მიღმა არის დადასტურებული მენთეშაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება. ნამდვილად არ იქნება ხმამაღალი ნათქვამი, რომ სხვა მტკიცებულებების მოპოვება იყო შეუძლებელი და არც იყო საჭირო“, — ასე დაასრულა თავისი დასკვნითი სიტყვა მაია ჟვანიამ.

„ზურა მენთეშაშვილი იმ ხალხის ხმაა, რომლის ჩახშობა „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოახერხა“,  — ასე იწყებს დასკვნით სიტყვას ადვოკატი ჯანო ჟვანია და მიმოიხილავს კონსტიტუციას, ადამიანის უფლებებს, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების პრინციპებს, რომელთაგან ყველა იცავს ზურა მენთეშაშვილს პროკურორის ბრალდებისგან და მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გამამტყუნებელი განაჩენისგან.

61 წლის ზურა მენთეშაშვილი პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი დემონსტრანტია, რომელსაც გზის გადაკეტვის გამო სისხლის სამართლის წესით ასამართლებენ.

ზურა მენთეშაშვილი აქციაზე გზის „ხელოვნურად“ გადაკეტვის საბაბით პირველად, 24 ოქტომბერს, ადმინისტრაციული წესით დააკავეს და 25 ოქტომბერს 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. ფოთის იზოლატორის დატოვების შემდეგ, პროტესტში დაბრუნებული მოქალაქე 31 ოქტომბერს ღამით უკვე მეორედ დააკავეს, მის მიმართ ამჯერად სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

მეორედ დაკავების მომენტიდან ის სრულად და ნაწილობრივ, ამა თუ იმ ფორმით შიმშილობს.

ისედაც რეპრესიული რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრებამდე, სანამ პროტესტში მონაწილეობისთვის მოქალაქეთა დასჯას რეჟიმი ჯარიმებით ცდილობდა, ზურა მენთეშაშვილი 4000 ლარით დააჯარიმეს 2025 წლის აგვისტოშიც.

მომდევნო და შესაძლოა ბოლო სხდომა მის საქმეზე 29 მაისს, 14 საათზე შედგება. ზურა მენთეშაშვილი თავისი საბოლოო სიტყვით წარდგება და მაღალი ალბათობით, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილიც გამოაცხადებს განაჩენს.