პარტიის „საქართველოსთვის“ განცხადებით, დღეს, გამთენიისას, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებისას გიორგი გახარიასა და ელგუჯა ხოკრიშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში “ივანიშვილმა დაახვედრა წინასწარ ორგანიზებული, წინასწარ მომზადებული პარტიული ზონდერჯგუფი, რომლებსაც აბსოლუტური უმოქმედობით ხელი შეუწყო ადგილზე მყოფმა, ასევე წინასწარ გაფრთხილებულმა პოლიციამ”.
„ისტერიაში მყოფი მოძალადე ე.წ. ხელისუფლება უკონტროლო ხდება. გასაგებია, რომ ივანიშვილი შეშინებულია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შედეგებით და ეს ისტერიაც ამითაა გამოწვეული. ჩვენი პოლიტიკური ძალა გააკეთებს ყველაფერს, რომ ივანიშვილმა დაკარგოს მისთვის ყველაზე ძვირფასი – ფული და ძალაუფლება, რომ ვეღარასოდეს შეძლოს ქართველ ხალხზე ძალადობა“, — ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
როგორც პარტიაში აცხადებენ, ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია, იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა.
ბექა ლილუაშვილის ინფორმაციით, ადგილზე იყო, სავარაუდოდ, „პოსტივის“ კამერა, რაც მიუთითებს, რომ მედია წინასწარ იყო გაფრთხილებული დაგეგმილი ინციდენტის შესახებ.
მოგვიანებით, „პოსტივიმ“ გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ გიორგი გახარიას და ელგუჯა ხოკრიშვილს კვერცხები ესროლეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გიორგი გახარიას სცემეს ბათუმში, სასტუმრო “შერატონში”. ინციდენტში “ქართული ოცნების” დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე მონაწილეობდა.