ახალი ამბები

ბრძოლის სტრატეგიას ვცვლით, დავრჩებით უნივერსიტეტში, სანამ საჭირო იქნება – თსუ-ს სტუდენტები

13 იანვარი, 2025 •
ბრძოლის სტრატეგიას ვცვლით, დავრჩებით უნივერსიტეტში, სანამ საჭირო იქნება – თსუ-ს სტუდენტები

თბილისის სახელმწიფო უნივერისიტეტის სტუდენტები აცხადებენ, რომ პროტესტს რუსთაველის გამზირის ნაცვლად უნივერისტეტის პირველ კორპუსში გააგრძელებენ.

სტუდენტებმა თავიანთი გადაწყვეტილების შესახებ განცხადება თსუ-ს პირველ კორპუსში ცოტა ხნის წინ წაიკითხეს. სტუდენტების თქმით, ისინი უნივერსიტეტში დარჩებიან იქამდე, სანამ საჭირო იქნება.

„საქართველოს უახლესს ისტორიაში ეს პერიოდი თავისი ავტორიტარული სისტემით და დიქტატურით არის ერთ-ერთი უმძიმესი. რეჟიმი გვიზღუდავს თავისუფალი და განსხვავებული აზრის ქონას. ასევე, ის დევნის და ხელ-ფეხს გვიკოჭავს ჩვენივე უფლებების წართმევით. დღეს სტუდენტები შევიკრიბეთ თსუ-ს პირველ კორპუსში, რათა ხმამაღლა გავაჟღეროთ, რომ ჩვენ არ გვეშინია და გავაგრძელებთ სამშობლოსთვის ბრძოლას იქამდე, სანამ არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები, რაც გულისხმობს ახალ არჩევნებს და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას, რომელთა რიგებში არიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის უმაღლესი სასწავლების სტუდენტები“, – აცხადებენ სტუდენტები.

თსუს-ს სტუდენტები სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებსაც მოუწოდებენ, რომ პროტესტის მსგავს ფორმას მიმართონ.

„ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, სანამ ჩვენს თანამებრძოლებს არ მოვუპოვებთ თავისუფლებას და საქართველოს კურსს არ დავაბრუნებთ ევროატლანტიკურ გზაზე. ჩვენი აქ შეკრების მიზეზი კი ერთია, რომ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიას ვცვლით. აქამდე თუ სტუდენტები ვიდექით რუსთაველზე და იქიდან ვიძახდით ჩვენს სათქმელს, ახლა ვიქნებით სასწავლო კერაში და აქ დავრჩებით, სანამ საჭირო იქნება. სხვა უნივერსიტეტებს კი მოვუწოდებთ, გააკეთონ იგივე, შემოუერთდნენ თსუ-ს და თეატრალური უნივერსიტეტების ამგვარ ფორმას, ვინაიდან სტუდენტების ხმა ყველაზე ხმამაღლა უნივერსიტეტიდან ისმის.

ადმინისტრაციასა და რექტორს მოვუწოდებთ, მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე და მაქსიმალურად მხარში დაუდგნენ საკუთარ სტუდენტებს, რომლებიც სამართლისთვის ბრძოლის გამო არიან დაკავებულები“, – აცხადებენ სტუდენტები.

მასალების გადაბეჭდვის წესი