თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ანდრო ჭიჭინაძის პროცესის გადადების შესახებ.
ინფორმაციას ამის შესახებ ჭიჭინაძის ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი ავრცელებს.
ჭიჭინაძის წინასასამართლო სხდომა 16 იანვრის ნაცვლად 5 მარტს გაიმართება. ხვალ, 10 იანვარს კი სასამართლო იმსჯელებს აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის ძალაში დატოვებაზე.
მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე 5 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ჭიჭინაძის საქმესთან ერთად განიხილება კიდევ 5 ადამიანის საქმე – ონისე ცხადაძე, რუსლან ცივაკოვი, ჯანო არჩაია, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა. ყველა მათგანს ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობა ედება ბრალად.
იმავე საქმის ფარგლებში დაკავებულია კიდევ 8 ადამიანი. მათგან სამს – ვეფხვია კასრაძეს, ვასილ კაძელაშვილსა და ზვიად ცეცხლაძეს ძალადობის ორგანიზება და/ან ხელმძღვანელობა ედება ბრალად, დანარჩენი 5-ს – 18 წლის საბა ჯიქიას, 20 წლის გიორგი გორგაძეს, 19 წლის ირაკლი მიმინოშვილის, 20 წლის ნიკოლოზ ჯავახიშვილსა და 24 წლის თორნიკე გოშაძეს ამ ძალადობაში მონაწილეობა.
ამ თემაზე: https://netgazeti.ge/news/758603/