ახალი ამბები

ადმირალ ჯამპაოლო დი პაოლასა და თავდაცვის მინისტრის შეხვედრა

28 ოქტომბერი, 2010 • • 1084
ადმირალ ჯამპაოლო დი პაოლასა და თავდაცვის მინისტრის შეხვედრა

ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელის ადმირალ ჯამპაოლო დი პაოლასა და საქართვლოს თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას შეხვედრა დაახლოებით 45 წუთს გაგრძელდა. ოპერატორები, ფოტორეპორტიორები და ჟურნალისტები სამინისტროში არ შეუშვეს.  ადმირალმა პაოლამ სამინისტროს ეზოში ჟურნალისტებისათვის მხოლოდ მცირე კომენტარი გააკეთა.

თავდაცვის მინისტრისა და ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელის შეხვედრის გასაშუქებლად მისულ ჟურნალისტებს, ოპერატორებსა და ფოტორეპორტიორებს თავდაცვის  სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლებმა სამინისტროს ეზოში განუმარტეს, რომ შეხვდერის ვიდეო და ფოტომასალას მედია საშუალებების წარმომადგენლებს სამინისტროს ოპერატორი გადააწერინებს, ხოლო ფოტოებს ელქტრონულ ფოსტაზე გადაუგზავნიან.

ჯამპაოლო დი პაოლამ და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნოდარ ხარშილავამ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი სამინისტროს ეზოში გააკეთეს.

ადმირალ პაოლას თქმით, მისი ვიზიტი ალიანსსა და საქართველოს შორის პარტნიორობის გამყარების ხელშეწყობას ემსახურება. მისი განცხადებით, საქართველოს ნატოში ინტეგრაციისთვის მუშაობა გრძელდება.

ჯამპაოლო დი პაოლა საქართველოს მადლობას უხდის ავღანეთის სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისათვის და მწუხარებას გამოთქვამს დაღუპული ქართველი ჯარისკაცების გამო:

,,მინდა პატივისცემა გამოვხატო იმ მამაცი ქართველი ჯარისკაცების მიმართ, რომლებიც ბოლოს დაიღუპნენ. საქართველოს წვლილი ავღანეთში ძალიან რელევანტურია’’.

ნოდარ ხარშილავას განცხადებით, განსაკუთრებული კმაყოფილება ადმირალმა საქართველოს ავღანეთის მისიაზე დააფიქსირა. მისი თქმით,  შეხვედრაზე თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზეც იყო საუბარი. ,,დაფიქსირდა კიდევ ერთხელ, რომ ბუქარესტის განცხადება ძალაშია, მიდის ამაზე მუშაობა და საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი’’, – ამბობს ხარშილავა.

ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი თბილისში დღეს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი ორდღიანია. პაოლა უკვე შეხვდა ევროატლანტიკური ინტრეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს ელენე ხოშტარიას, უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს დევი ჭანკოტაძეს.

დღის განრიგს  ადმირალი საქართველოს პარლამენტის თავჯდომარესთან, დავით ბაქრაძესთან შეხვედრით დაასრულებს.

ხვალ კი ჯამპაოლო დი პაოლა ეროვნულ სასწავლო ცენტ ,,კრწანისს’’ ესტუმრება და ნატოს სამეკავშირეო ოფისს მოინახულებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი