ხმაური და დაპირისპირება იყო ღამით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები პროტესტის ნიშნად ღამეს ათევდნენ.
შედეგად, სტუდენტის თქმით, რომელსაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა, სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო, რადგან სამი სტუდენტი ცუდად გახდა. მისი თქმით, ერთ-ერთ სტუდენტს ხელითაც შეეხნენ.
სტუდენტის თქმით, დაპირისპირების მიზეზი ის გახდა, რომ აუდიტორიიდან უნივერსიტეტის სხვა სივრცეში გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევდნენ. გარდა ამისა, ერთ-ერთი სტუდენტი დაიბარა დაცვის სამსახურმა, რის გამოც შენობაში პროტესტის ნიშნად გადაადგილება გადაწყვიტეს.
ამასთან, სტუდენტების თქმით, დაცვის თანამშრომლების გარდა, უნივერსიტეტის შენობაში იმყოფებოდნენ უცნობი პირები, რომლებსაც ფორმა არ ეცვათ და რომელთაგან ერთი-ერთი სტუდენტების მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა.
24 სტუდენტი პროტესტის ნიშნად უნივერისტეტის აუდიტორიაში ათევდა ღამეს. მათ თავდაპირველად ბათუმელი სტუდენტებისთვის სურდათ სოლიდარობის გამოხატვა, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მიეცათ. სტუდენტებმა უნივერსიტეტის შენობაში შეღწევა ოთხშაბათს, ღამით შეძლეს და უნივერსიტეტის რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომა მოითხოვეს – ამის შემდეგ ადმინისტრაციამ მათ აუდიტორია გამოუყო, სადაც ღამე დარჩენა შეეძლებოდათ.
როგორც ერთ-ერთი სტუდენტი გვიყვება, ამჟამად შენობაში იმყოფება 19 სტუდენტი, 5 -მა დატოვა, ზოგს კი დაატოვებინეს შენობა. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ეუბნება დაცვის სამსახურის თანამშრომელი სტუდენტებს, რომ დატოვონ უნივერსიტეტის შენობა.
ნეტგაზეთი მომხდართან დაკავშირებით თსუ-ს პიარსაც დაუკავშირდა. მათი განმარტებით, სტუდენტები ღამით სხვა აუდიტორიების დაკავებას და დილით სასწავლო პროცესის ჩაშლას ცდილობდნენ, რისი შესაძლებლობაც მათ უნივერსიტეტის დაცვამ არ მისცა. რაც შეეხება არაუფლებამოსილი პირების უნივერსიტეტში ყოფნას, პიარის თქმით, თსუ-ს დაცვასთან ერთად იმყოფებოდნენ დაცვის კერძო კომპანია “ვიქტორია სექურითის” თანამშრომლები, რომელთანაც უნივერსიტეტს ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.
პარალელურად, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს თსუ-ს პირველი კორპუსის შენობასთანაც, სადაც 21 ნოემბერს, საღამოს კარვები გაშალეს.

კარავი და პროტესტი თსუ-ს პირველ კორპუსთან. 22 ნოემბერი, 2024. ფოტო: ნინა ბაიდაური/ნეტგაზეთი

ბანერი თსუ-ს პირველ კორპუსთან. 22 ნოემბერი, 2024. თბილისი. ფოტო: ნინა ბაიდაური/ნეტგაზეთი