თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი რექტორის გადადგომას ითხოვს. ისინი ჯაბა სამუშიასგან ითხოვენ განმარტებას, როგორ მოხვდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები უნივერსიტეტის ეზოში. როგორც სამუშიასგან, ისე უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოსგან განმარტებას ელიან ლექტორებიც.
დღეს, 19 ნოემბერს, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ მიმდინარე აქციის დასარბევად შსს-ს თანამშრომლები რამდენიმე მხრიდან მივიდნენ ტერიტორიაზე, სადაც კარვები იყო გაშლილი. “მრავალკუთხედის” მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მათი ნაწილი თსუ-ს ეზოში შედის ჭავჭავაძის მხრიდან.
“ნეტგაზეთმა” გადაიღო კადრები, სადაც ჩანს, რომ უნივერსიტეტის პირველ და მე-2 კორპუსებს შორის არსებული შლაგბაუმიდან გამოდიან მანქანები, მათ შორის, შსს-ს თანამშრომლები.
ჯაბა სამუშიასა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობას აყენებენ მაისის სტუდენტური მოძრაობის წევრები. გარდა უნივერსიტეტის ეზოში შსს-ს თანამშრომლების დაშვებისა, ისინი რექტორს ადანაშაულებენ მმართველ პარტიის დავალებების შესრულებაში და პოლიტიკურ მიკერძოებაში.
“დღეს დილით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზო იქცა ძალოვნების თავშესაფრად! მოძალადეებმა უნივერსიტეტის ეზოს გავლით, მალულად შეძლეს აქციის სივრცეში შეღწევა და მისი დარბევა. ეს ყველაფერი კი უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ და მისმა თვითაღიარებულმა აკადემიკოსმა რექტორმა, ჯაბა სამუშიამ დაუშვეს.
ჯაბა სამუშიას რექტორობა ფორმალური და ფიქტიურია. მას გარკვეული პრივილეგია აქვს ბოძებული მისივე პატრონი მმართველი პარტიისგან. ეს პრივილეგია უნივერსიტეტის შიდა საქმეებით და ბიუროკრატობით შემოიფარგლება, სხვა შემთხვევაში ის ასე ასრულებს ყველაფერს, რასაც მმართველი კლასი ჩასძახებს. ლოგიკურია, სამუშია მისთვის გადმოგდებულ ულუფას, რექტორის სავარძელს კბილებით იცავს”, – ვკითხულობთ სტუდენტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამუშიას გადადგომას მოითხოვს სტუდენტური მოძრაობა “ევროპული ხიდიც” [ყოფილი “სტუდენტები ევროპული მომავლისთვის”]. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სტუდენტებისთვის უნივერსიტეტის კარის ჩაკეტვასა და პოლიციელებისთვის უნივერსიტეტის ეზოში თავისუფლად გადაადგილებაზე პასუხისმგებლობა რექტორმა უნდა აიღოს.
“ხელისუფლებამ ომი გამოუცხადა საკუთარ მოსახლეობას, რისთვისაც ის პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხს აგებს, თუმცა ამ ყველაფერში ყველაზე შემზარავი ის გარემოებაა რომ მაშინ, როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კარი დახურული იყო სტუდენტებისთვის, ის გაიღო ძალოვანი უწყებებისთვის.
ქართულმა ოცნებამ არსობრივად შეისისხლხორცა რუსული რეჟიმი, რის ინსტრუმენტადაც უკვე საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც იყენებს. ნებისმიერი ტიპის განცხადება უკვე დაგვიანებულია, თუმცა ვითხოვთ მყისიერ განმარტებას ივანე ჯავახიშვილის გზას აცდენილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისაგან და მოვითხოვთ, უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ, სასწრაფოდ აიღოს პასუხისმგებლობა მომხდარზე და დღესვე დატოვოს დაკავებული თანამდებობა”, – ვკითხულობთ სტუდენტური მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოძრაობის დამფუძნებელია სოფო მოლაშხია. მან ჯაბა სამუშიას პირადად მისწერა ფეისბუქის გვერდზე და მისი პასუხი საჯაროდ გამოაქვეყნა. მოლაშხიას ცნობით, სამუშია მას სწერს, რომ თსუ-ს ეზო არ იკეტება და შსს-ს დანაყოფების დიდი ნაწილი იქ ვარაზის ხევის გავლით მოხვდა. თუმცა “ნეტგაზეთმა” გადაიღო კადრები, სადაც ჩანს, რომ შსს-ს თანამშრომლები უნივერსიტეტის პირველ და მე-2 კორპუსებს შორის არსებული შლაგბაუმიდან გამოდიან. დაბურულმინებიანი მანქანების მიახლოებისას, საიდანაც “ნეტგაზეთის” ჟურნალისტმა პოლიციელების გარჩევა შეძლო, შლაგბაუმი იღება [სავარაუდოდ, თსუ-ს დაცვის სამსახურის ნებართვით] და ისინი გამოდიან ჭავჭავაძის გამზირზე.
იმის გასარკვევად, ინფორმირებული იყო თუ არა უნივერსიტეტი შსს-ს დანაყოფებისა და მანქანების მიერ ეზოს გამოყენების შესახებ, ან რა ტიპის კომუნიკაცია იყო მათ შორის, “ნეტგაზეთმა” დაკავშირება სცადა როგორც თსუ-ს ადმინისტრაციასთან, ისე პირადად ჯაბა სამუშიასთან. თუმცა მათ არც ზარებსა და არც შეტყობინებებს არ უპასუხეს.
მომხდარს ეხმაურებიან უნივერსიტეტის ლექტორებიც.
“გამაგებინეთ, რატომ იყენებდა უნივერსიტეტის სივრცეს სპეცრაზმი ოპერაციის დასაგეგმად? სად ვმუშაობ? თსუ-ს ლექტორი ვარ თუ შსს-ს ოფიცერი? გასაგებია, რომ თუ არაფერი შეიცვალა, მალე არცერთი ვიქნები და, მით უმეტეს, არც მეორე, მაგრამ ახლა სად და რისთვის ვმუშაობ, ის გამაგებინეთ”, – წერს სოციალურ ქსელში ლადო ნაფეტვარიძე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი.
უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოსგან და პირადად ჯაბა სამუშიასგან განმარტებებს ელის ამავე ფაკულტეტის პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილიც. კაჭკაჭიშვილის შეფასებით, უნივერსიტეტის ტერიტორიის გამოყენება მშვიდობიანი მომიტინგეების დასარბევად “უხეშად არღვევს აკადემიური სოციალური პასუხისმგებლობის ყველა სტანდარტს!”.
“გთხოვთ, გააკეთოთ ოფიციალური განცხადება იმასთან დაკავშირებით, გქონდათ თუ არა ინფორმაცია სპეცრაზმის თსუ-ის ეზოში მობილიზაციასთან დაკავშირებით? ასევე, ველით თქვენს შეფასებას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. კერძოდ, რამდენადაც შეესაბამება ის უნივერსიტეტის ე.წ. “მესამე მისიას”, რომელიც გულისხმობს თსუ-ის მონაწილეობას საზოგადოების ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებაში?
პირადად ჩემი პასუხი, მოკლედ, ასეთია: სპეცრაზმის პლაცდარმად თსუ-ის ტერიტორიის გამოყენება მშვიდობიანი მომიტინგეების დასაშლელად/დასარბევად, უხეშად არღვევს აკადემიური სოციალური პასუხისმგებლობის ყველა სტანდარტს!”, – წერს კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში.
აკადემიური საბჭოსგან მოითხოვს განმარტებებს თსუ-ს ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი მარიამ გერსამიაც.
“აქამდე გვესმოდა, რომ უნივერსიტეტი “აპოლიტიკური” იყო. სტუდენტების ჯგუფს ამ მიზეზით არ უშვებდნენ შაბათს შენობებში. დაჯერება მიჭირს, რომ მშვიდობიანი დემონსტრანტების დასარბევად მოსულ პარტიის რობოკოპებს უნივერსიტეტში უმასპინძლეს. რა უნდოდა სპეცრაზმს ჩვენს აკადემიურ სივრცეში? შეიკრიბეთ და გააკეთეთ განცხადება. მერე გადაწყვიტეთ, მაგ საბჭოში რჩებით თუ არა”, – წერს გერსამია.
მომხდარს ეხმაურება თსუ-ს ასოცირებული პროფესორი, “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრი, ვანო წერეთელიც.
უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, აკადემიური საბჭო და რექტორი სტუდენტებისა და ლექტორთა ნაწილის კითხვებს ჯერჯერობით არ პასუხობს.