ახალი ამბები

პრეზიდენტს საკონსტიტუციოში სარჩელი შეაქვს – რას ნიშნავს ეს ახალი პარლამენტის შეკრებისთვის

18 ნოემბერი, 2024 •
პრეზიდენტს საკონსტიტუციოში სარჩელი შეაქვს – რას ნიშნავს ეს ახალი პარლამენტის შეკრებისთვის

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აპირებს, ხვალ, 19 ნოემბერს, საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანოს სარჩელი არჩევნებზე ფარულობისა და ხმის უფლების საყოველთაობის პრინციპების დარღვევების გამო.

ამის შესახებ მან დღეს, 18 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც არსებული ვითარებიდან გამოსვლის გზებზე ისაუბრა და საზოგადოებას საკუთარი გეგმა წარუდგინა.

იურისტი ვახუშტი მენაბდე წერს, რომ სანამ საკონსტიტუციო სასამართლოში დავა მიმდინარეობს, პარლამენტი ახალი შემადგენლობით ვერ შეიკრიბება. მისი განმარტებით:

  • მოსარჩელეს შეუძლია თქვას, რომ საარჩევნო კანომდებლობის ის ნორმები და მათი განმარტება, რომელზე დაყრდნობითაც საერთო სასამართლოებმა უარყვეს საიას სარჩელი [ხმის ფარულობაზე], ეწინააღმდეგება კონსტიტუციით დაცულ საარჩევნო უფლებას და არჩევნების მომწესრიგებელ ნორმებს, 5 კომპონენტიდან სულ ცოტა 2-ს – ფარულობა და ნების თავისუფალი გამოვლენა. შედეგად, მოსარჩელეს შეუძლია მოითხოვოს ჩატარებული არჩევნების მომწესრიგებელი ნორმების ძალადაკარგულად ცნობა და ჩატარებული არჩევნების შედეგების ელექტრონული ნაწილის ბათილად ცნობა.

„სარჩელი რომც არ დაკმაყოფილდეს, პროცესმა დაახლოებით ერთი თვე შეიძლება მოიგოს, რადგან პარლამენტის შეკრების დროისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში წამოწყებული დავა, სავარაუდოდ, დასრულებული არ იქნება. პარლამენტის შეკრებისას სარჩელის შეტანიდან დაახლოებით ერთი კვირა იქნება გასული. ერთ კვირაში კი სასამართლო ვერ შეძლებს სარჩელის საქმის ჯერ დასაშვებობის, შემდეგ კი არსებითი განხილვასა და გადაწყვეტას. ამას რამდენიმე კვირა დასჭირდება.

სანამ საქმე საკონსტიტუციოში იქნება, პარლამენტი ვერ ცნობს საკუთარ უფლებამოსილებას. რეგლამენტის მიხედვით მას არავითარი დისკრეცია არ აქვს. უმაღლესი საკანონმდელო ორგანოს არ შეუძლია ცნოს იმ დეპუტატების უფლებამოსილება, ვისი არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია სასამართლოში, ხოლო თუ მათი რაოდენობა 51-ზე მეტია, საკანონმდებლო ორგანო სრულ უფლებამოსილებას ვერ იძენს. ზემოთ აღწერილი სარჩელის შემთხვევაში კი 150-ვე დეპუტატის არჩევის კანონიერებაა გასაჩივრებული“, – აღნიშნავს მენაბდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი