საზოგადოება

ზურაბიშვილი საზოგადოებას არსებული ვითარებიდან გამოსავალს სთავაზობს – რას მოიცავს გეგმა

18 ნოემბერი, 2024 •
ზურაბიშვილი საზოგადოებას არსებული ვითარებიდან გამოსავალს სთავაზობს – რას მოიცავს გეგმა

სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას არსებული ვითარებიდან გამოსავალს სთავაზობს და გეგმას წარადგენს.

ზურაბიშვილის თქმით, არჩევნები შემდგარად და ლეგიტიმურად არ შეიძლება ჩაითვალოს, ვინაიდან დაირღვა ორი მთავარი – ხმის მიცემის ფარულობისა და საყოველთაობის უფლებები.

პრეზიდენტი გამოსავალს ახალი არჩევნების ჩატარებაში ხედავს, იქამდე კი საზოგადოებას არსებული პოლიტიკური მოცემულობის შენარჩუნებას სთავაზობს – ანუ, პარლამენტისა და ხელისუფლების ყველა შტოს არსებული შემადგენლობით დატოვებას.

„ქვეყანას ემუქრება სერიოზული საფრთხეები. ერთი ასეთია დესტაბილიზაცია. ეს შეიძლება მოჰყვეს ორხელისუფლებიანობას და პოლარიზაციის გაღრმავებას. პოლიტიკურ დესტაბილიზაციას შეიძლება მოჰყვეს გარე დესტაბილიზაცია. საფრთხე იზრდება, როცა ქვეყანა, პარტნიორებთან მჭიდრო ურთირთობების მაგივრად, ირჩევს იზოლაციას, რაც ახასიათებს დღევანდელ ხელისუფელბას. როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, არ მაქვს უფლება, ეს დავუშვა. ამას არ დავუშვებ.

ამიტომ, გამოსავლის გზა უნდა მოვძებნოთ ერთად, შევთავაზოთ საზოგადოებას, პოლიტიკურ ძალებს, პარტნიორებს. ეს უნდა მოისმინოს ხელისუფლებამაც.

გეგმა ასეთია:

  1. ახალი არჩევნები საერთაშორისო გამოძიებით, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ გამოირკვეს სისტემური ხარვეზები, რაც არსებობდა და გამოსასწორებელია. ასევე, ახალი ცესკოს დაკომპლექტება და საარჩევნო კოდექსის ცვლილება, ეუთო/ოდირის რეკომენდაციებით, ასევე, საარჩევნო დავებისთვის სპეციალური სასამართლოს შექმნა.
  2. 26 ოქტომბრამდე არსებული პოლიტიკური მოცემულობის გაგრძელება – ვინაიდან არ შედგა არჩევნები, არ შეიძლება შედგეს არაფერი ახალი: არც პრეზიდენტი, არც მთავრობა, არც პრეზიდენტის არჩევნები, ანუ ვაგრძელებთ არსებულით, გარდამავალი პერიოდის სტაბილურობისთვის. უკვე ვმუშაობ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერაზე.

ხვალ დილით შემაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი – ფარულობის და საყოველთაობის პრინციპების დარღვევის გამო. არა იმიტომ, რომ ამ სასამართლოსი მჯერა“, – თქვა პრეზიდენტმა.

„მე უნდა წარმოგიდგინოთ ჩემი შეჯამება არჩევნების შედეგების. დაირღვა კონსტიტუციით და ყველა საერთაშორისო სტანდარტით და პრინციპით, გარანტირებული მთავარი უფლებები – ხმის მიცემის ფარულობა და საყოველთაობა. ემიგრანტების საარჩევნო უფლება იქნა უგულებელყოფილი.

ადგილი ჰქონდა სისტემურ და ფართოდ გავრცელებულ გაყალბების სქემებს. როგორც წინასაარჩევნოდ, ასევე არჩევნების დღეზე. პრეზიდენტი და ოპოზიცია არ ცნობს არჩევნების ლეგიტიმურობას. არ აღიარებს საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი და აგრძელებს სამართლიან პროტესტს. არ აღიარებს არასამთავრობო და სადამკვირვებლო ორგანიზაციები. გავიდა უკვე სამი კვირა და არც ერთ მთავარ დემოკრაიტულ პარტნიორს არ აქვს აღიარებული არჩევნები. პირიქით, ხაზს უსვამენ დარღვევებს. განაჩენი გამოტანილია – არჩევნები არ შედგა“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი