საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აგრძელებს სამართლებრივ დავას 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების ბათილად ცნობისთვის. ამჯერად ორგანიზაცია საქალაქო სასამართლოსგან ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) შემაჯამებელ ოქმის ბათილად ცნობას ითხოვს. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება თავისთავად გულისხმობს ხელახალი არჩევნების ჩატარების საჭიროებას.
როგორც წინა შემთხვევებში, ახლაც, ორგანიზაციის არგუმენტაცია ხმის ფარულობის დარღვევას ეფუძნება. უფრო კონკრეტულად, ორგანიზაციის იურისტები ამტკიცებენ, რომ საარჩევნო ბიულეტენის მეორე მხარეს გადმოსული მარკერის კვალი, რომელსაც ხმის მთვლელ აპარატში შეცურების დროს ჩარჩო-კონვერტი ვერ ფარავდა. შესაბამისად, ხმის მთვლელ აპარატთან მყოფი საუბნო კომისიის წევრისთვის, ან უბანზე მყოფი სხვა პირებისთვის კონკრეტული მოქალაქის არჩევანი ცნობილი ხდებოდა. ეს პრობლემა განსაკუთრებით მაშინ იქმნებოდა, როცა აპარატი ბიულეტენს არ იღებდა და ამა თუ იმ ტექნიკური მიზეზით მას უკან აბრუნებდა. გარდა ამისა, “ქართულ ოცნებას” საარჩევნო უბნებზე, ხმის მთვლელი აპარატების გვერდით დამონტაჟებული ჰქონდა კამერები, რომელიც იღებდა უბანზე მიმდინარე პროცესს.
“ხმის მიცემის ფარულობა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა და მისი დარღვევა დაუშვებელია. ეს უფლება არის დემოკრატიული პროცესების საფუძველი, ხოლო მისი უგულებელყოფა არღვევს საარჩევნო პროცესის ლეგიტიმაციას”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
აქამდე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ თავდაპირველად საოლქო კომისიებისგან მოითხოვა საუბნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობა. მას შემდეგ, რაც ორგანიზაციის საჩივარი არცერთმა ოლქმა არ დააკმაყოფილა, მათ დავა საქალაქო და რაიონულ სასამართლოებში გააგრძელეს. 24 სასამართლოდან მხოლოდ ერთმა, თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა საიას მოთხოვნა.
ამის შემდეგ პროცესმა სააპელაციო სასამართლოებში გადაინაცვლა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა დასავლეთ საქართველოს საოლქოების გადაწყვეტილება. ხოლო, თბილისის საქალაქო სასამართლომ მხოლოდ ერთი – თეთრიწყაროს სასამართლოს გადაყწვეტილება შეცვალა.
ამის შემდეგ საიამ უშუალოდ საოლქო კომისიების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობა მოითხოვა. თავდაპირველად მოთხოვნა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიემართებოდა. თუმცა უწყებამ არც საიას და არც ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. შემდეგ მათ ცესკოს გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათი სარჩელები გააერთიანა და თითქმის 12-საათიანი სხდომის შემდეგ არცერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ეს გადაწყვეტილება მათ სააპელაციოში გაასაჩივრეს. სააპელაციომ მხარეებს განხილვაში მონაწილეობის შესაძლებლობა არ მისცა და გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო – საქალაქოს გადაწყვეტილება მათ ამჯერადაც ძალაში დატოვეს.
ახლა საია ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას ითხოვს, რომელსაც გიორგი კალანდარიშვილმა ხელი 16 ნოემბერს მოაწერა.