ახალი ამბები

ტრამპის სავარაუდო სახელმწიფო მდივნის და უსაფრთხოების მრჩევლის პოზიციები საქართველოზე

12 ნოემბერი, 2024 •
ტრამპის სავარაუდო სახელმწიფო მდივნის და უსაფრთხოების მრჩევლის პოზიციები საქართველოზე

ამერიკული მედია იმ პირების ვინაობას ასახელებს, რომლებიც რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში ორ საკვანძო თანამდებობას – სახელმწიფო მდივნის და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის პოზიციას დაიკავებენ.

სხვადასხვა მედია ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ სახელმწიფო მდივნის თანამდებობას, სავარაუდოდ, ფლორიდის შტატის სენატორი, 53 წლის მარკო რუბიო დაიკავებს. თუ ეს ინფორმაცია დადასტურდება, რუბიო იქნება პირველი ლათინოამერიკელი  ამ პოსტზე – მისი წინაპრები  კუბიდან არიან.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი კი, სავარაუდოდ, კონგრესმენი მაიკ უოლცი გახდება. 50 წლის უოლცი კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრია ფლორიდის შტატიდან და აშშ-ის არმიის პოლკოვნიკია.

მარკო რუბიოც და მაიკ უოლციც ე.წ. ქორ რესპუბლიკელ პოლიტიკოსებად ითვლებიან, რომლებიც უფრო აქტიურ და ხისტ საგარეო პოლიტიკას უჭერენ მხარს.

მარკო რუბიო სენატში დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა. ის  სენატში 2010 წელს აირჩიეს და საგარეო პოლიტიკაში ხისტი და მკაცრი პოზიციებით გამორჩევა ჩინეთთან, ირანთან, ვენესუელასთან და კუბასთან მიმართებაში.

2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რუბიო აცხადებდა, რომ  აშშ-ს ყველაფერი უნდა გაეკეთებინა, რათა უკრაინას პუტინი დაემარცხებინა. თუმცა 2024 წლის აპრილში რუბიო იყო ერთ-ერთი, ვინც სენატში მხარი არ დაუჭირა უკრაინისთვის 95-მილიარდიანი დახმარების პაკეტს.

ამასთან, ბოლო პერიოდში რუბიომ, დონალდ ტრამპის მსგავსად, საუბარი დაიწყო რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე კონფლიქტის დასრულებაზე. საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, 6 ნოემბერს, ერთ-ერთი ინტერვიუში რუბიომ უკრაინელებს „წარმოუდგენლად მამაცები და ძლიერები“ უწოდა, მაგრამ მისი თქმით არსებობს „ომის რეალობა“. მისივე თქმით, რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ ჩიხში შევიდა და საჭიროა მისი დასრულებისკენ წაყვანა.

რუბიოს აზრით, ომის დასრულების სურვილისთვის არ არის საჭირო, ვლადიმერ პუტინის ფანი იყო.

„ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ აღვნიშნავთ იმას, რაც ვლადიმერ პუტინმა გააკეთა ან აღფრთოვანებული ვართ ამით, მაგრამ ვფიქრობ, რომ აქ საღი აზრი უნდა იყოს… ჩვენ ვაფინანსებთ ჩიხს, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე ეწირება… და უკრაინას 100 წელი დასჭირდება აღსადგენად“, – განაცხადა მარკო რუბიომ.

რაც შეეხება საქართველოს, 2014 წელს მარკო რუბიო რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ას გმობდა და აცხადებდა, რომ პუტინს თა­ვი­სი მე­ზობ­ლე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი, იმ ქვეყ­ნე­ბის, რომ­ლე­ბიც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დი­ოდ­ნენ, რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სე­ბის სფე­რო­ში დაბ­რუ­ნე­ბა სურს.

„პრე­ზი­დენტ პუ­ტინს, რო­მე­ლიც ნა­ცი­ო­ნა­ლისტური ტენ­დენ­ცი­ე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, სურს, რუ­სეთს მსოფ­ლიო დიდე­ბის დღე­ე­ბი და­უბ­რუ­ნოს. მისი წარ­მოდ­გე­ნით, ამ სურ­ვი­ლის რე­ა­ლი­ზე­ბის სა­უ­კე­თე­სო გზა ან­ტა­გო­ნიზ­მია, აშშ-სად­მი მტრუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა.

სხვა­თა შო­რის, ამ გეგ­მის ნა­წი­ლია თა­ვი­სი მე­ზობ­ლე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი, იმ ქვეყ­ნე­ბის, რომ­ლე­ბიც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დი­ოდ­ნენ, რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სე­ბის სფე­რო­ში დაბ­რუ­ნე­ბა. ბოლო წლებ­ში ჩვენ ამის ორი ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თი გვაქვს: სა­ქარ­თვე­ლო და უკ­რა­ი­ნა.

რამ­დე­ნი­მე წლის წინ რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­იჭ­რა და დღე­საც მისი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აქვს. ასევე, ზამ­თრის ოლიმ­პი­ა­დის და­წყე­ბის წინ, რუ­სეთ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის ნა­წი­ლი მი­ი­ტა­ცა, რო­მე­ლიც, რო­გორც თა­ვად აცხა­დებს, უსაფრ­თხო­ე­ბის ბუ­ფე­რუ­ლი ზო­ნის­თვის სჭირ­დე­ბა. ეს ქმე­დე­ბე­ბი ყოვ­ლად აღმაშფოთე­ბე­ლია და ეს ხდე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნა­ზე არ­სე­ბულ არ­ცთუ ისე და­ძა­ბულ ფონ­ზე”, – აცხადებდა მარკო რუ­ბი­ო 2014 წელს სენატში სიტყვით გამოსვლისას.

მაიკ უოლცი, მარკო რუბიოს მსგავსად, ჩინეთის მიმართ ხისტი პოზიციით გამოირჩევა. მისი აზრით, შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა, მაგრამ ბოლო კვირებში ის მხარს უჭერს აშშ-ის დახმარების გადაფასებას.

რაც შეეხება საქართველოს, 2020 წელს მაიკ უოლცი იყო ერთ-ერთი კონგრესმენი, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის, როგორც „ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირისთვის“, სანქციების დაწესებას ითხოვდა.

2020 წელს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში რესპუბლიკური პარტიის წევრებმა გამოაქვეყნეს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, სათაურით „ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა“.  დოკუმენტში ის საკითხები იყო განხილული, რომლებსაც ავტორები აშშ-ის შიდა და საგარეო პოლიტიკისთვის მნიშვნელოვან თუ საფრთხის შემცველად მიიჩნევენ. სწორედ ამ კონტექსტში იყო განხილული ბიძინა ივანიშვილიც.

„არსებული სანქციები საკმარისად არ მიემართება [რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ] პუტინის მარიონეტებს, რომლებიც ძირს უთხრიან ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს. ბიძინა ივანიშვილი, უმდიდრესი ადამიანი საქართველოში, არის ახლო მოკავშირე ვლადიმერ პუტინისა და ჩართულია რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაში“, – ნათქვამია 2020 წლის ანგარიშში, რომლის ერთ-ერთი ავტორიც მაიკ უოლცია.

მაიკ უოლცთან ერთად 2020 წელს აღნიშნულ დოკუმენტს ხელს აწერდა რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელიც   ბიძინა ივანიშვილს ამჟამად „რუსეთის მარიონეტს“ უწოდებს და მის სანქცირებას ითხოვს. სწორედ ჯო  უილსონის მიერაა მომზადებული ე.წ. მეგობარი აქტი საქართველოს შესახებ. დოკუმენტი ორი ნაწილისგან შედგება – ის ითვალისწინებს საქართველოს მხარდაჭერას, თუ ქვეყანა გააგრძელებს დემოკრატიის გაძლიერებას, საპირისპირო შემთხვევაში კი- სანქციებს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ.

13 კონგრესმენი ივანიშვილის სანქცირებას ითხოვს – ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტი

გარდა ამისა, როგორც „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, სწორედ მაიკ უოლცი იყო „ბუჩამდე იყო აფხაზეთის“ მასპინძელი ამერიკის კონგრესში მიმდინარე წელს.

მასალების გადაბეჭდვის წესი