ახალი ამბები

13 კონგრესმენი ივანიშვილის სანქცირებას ითხოვს – ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტი

11 ივნისი, 2020 • 3675
13 კონგრესმენი ივანიშვილის სანქცირებას ითხოვს – ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტი

13 ამერიკელი კონგრესმენი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახლად გამოქვეყნებულ სტრატეგიაში ბიძინა ივანიშვილისთვის, როგორც „ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირისთვის“, სანქციების დაწესებას ითხოვს.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში რესპუბლიკური პარტიის წევრების კოკუსმა (სამუშაო ჯგუფმა — რესპუბლიკურმა კვლევის კომიტეტმა (RSC-მა)) 10 ივნისს გამოაქვეყნა ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია. დოკუმენტის სათაურია „ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა“.

180-გვერდიანი ანგარიში მიმოიხილავს იმ საკითხებს, რასაც ავტორები აშშ-ის შიდა და საგარეო პოლიტიკისთვის მნიშვნელობის მქონედ თუ საფრთხის შემცველად მიიჩნევენ. სწორედ ამ კონტექსტშია საქართველოს მილიარდერი ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილიც ნახსენები.

კერძოდ, ანგარიშის ავტორები წერენ: „არსებული სანქციები საკმარისად არ მიემართება [რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ] პუტინის მარიონეტებს, რომლებიც ძირს უთხრიან ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს. ბიძინა ივანიშვილი, უმდიდრესი ადამიანი საქართველოში, არის ახლო მოკავშირე ვლადიმერ პუტინისა და ჩართულია რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაში“.

იქვეა ნახსენები უკრაინელი ოლიგარქი ვიქტორ მედვედჩუკი, რომელსაც ავტორები უწოდებენ „პრორუს ოლიგარქსა და მარიონეტს უკრაინაში, რომელმაც გამოიყენა თავისი მედიაიმპერია, რათა აქტიურად დახმარებოდა რუსეთს დამაზიანებელი დეზინფორმაციის გავრცელებაში“.

ავტორები გასცემენ რეკომენდაციას, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეიმუშაოს სია, რომელიც ჩამოთვლის კრემლთან დაკავშირებულ ოლიგარქებს, რაც დაეხმარებოდა კონგრესს, გადაეწყვიტა საქნციების საკითხი, რომელიც გარკვეულ პირებს თუ ორგანიზაციებს „კრემლისთვის მუშაობაში ხელს შეუშლიდა“.

ის 13 კონგრესმენი, რომლებიც ხელს აწერენ აღნიშნული დოკუმენტს/სტრატეგიას და, შესაბამისად, ივანიშვილის სანქცირებასაც ითხოვენ:

  1. რესპუბლიკურმა კვლევის კომიტეტის თავმჯდომარე მაიკ ჯონსონი;
  2. ჯო უილსონი
  3. რობ უიტმენი
  4. ენ ვაგნერი
  5. ალექს მუნი
  6. დონ ბეიკონი
  7. ჯეკ ბერგმანი
  8. ნილ დანი
  9. კლეი ჰიგინსი
  10. რალფ ნორმანი
  11. დენ კრენშოუ
  12. ბრაიან სტაილი
  13. მაიკლ უოლტსი

კონგრესმენები, რომლებიც ხელს აწერენ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას

ანგარიში ასევე აკრიტიკებს ბარაკ ობამას პოლიტიკას, მათ შორის რუსეთთან „გადატვირთვის“ პოლიტიკას. კონსერვატორი ავტორების პოზიციით, „ობამას წარუმატებელმა პოლიტიკამ საშუალებას მისცა აშშ-ის მეტოქეებს, გაძლიერებულიყვნენ, სანამ ამერიკის ძალაუფლება, როგორც მსოფლიოს უპირველესი ძალისა, სუსტდებოდა“.

ავტორების ხედვით, „ამ დროის განმავლობაში კომუნისტური ჩინეთი და რუსეთი მთლიანად მივიწყებული იყო, ირანი ნაღდი ფულით სავსე თვითმფრინავით დაჯილდოვდა“, „აშშ-ის ცენტრალური მოკავშირეები განაწყენებულნი დარჩნენ, საგარეო დახმარებამ და გაეროში შეტანილმა წვლილმა წინ ვერ წასწია შეერთებული შტატების ინტერესები“ და „აშშ ცხვარივით იქცეოდა მსოფლიო ასპარეზზე“.

ამის საპირწონედ, ანგარიშის ავტორებს მიაჩნიათ, რომ დონალდ ტრამპმა თანამდებობის დაკავებიდანვე დაიწყო მსოფლიოში ამერიკის ძლიერი ლიდერობის აღდგენა და დაიწყო  ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგის გაძლიერება— „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“.

ამავე თემაზე

დოკუმენტი, რომელსაც პოლიტიკური ძალა არა აქვს – ზალკალიანი აშშ-ის რესპუბლიკელების ანგარიშზე

მასალების გადაბეჭდვის წესი