ოპოზიციური პარტიების ლიდერები ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა კომიტეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი თემა 26 ოქტომბრის არჩევნები და მისი ლეგიტიმაციის ირგვლივ არსებული კითხვები იყო.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ინფორმაციით, მათ ისაუბრეს როგორც არჩევნების საერთაშორისო გამოძიების პერსპექტივებზე, ისე პოტენციურ სანქციებზე, რაც შეიძლება დასავლეთმა დაუწესოს “ქართული ოცნების” ლიდერებს და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, მათ შორის, საარჩევნო ადმინისტრაციის, ხელმძღვანელ პირებს.
“ამ არჩევნებს არ ექნება აღიარება არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, სანქციებზეც ვისუბრეთ, იყო საუბარი სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით, იყო ფინანსურ მხარდაჭერებზე, მაგრამ იყო საუბარი ისეთ სრულიად ახალ მექანიზმებზე საუბარიც, რომლებსაც ჩვენ ჩავრთავთ ამ პროცესში, რომელიც ჯერ არ გაგვიჟღერებია საჯაროდ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ, კოალიცია “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა.
კოალიციის კიდევ ერთმა ლიდერის, თინა ბოკუჩავას თქმით, დღის წესრიგში დგას ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაც. ბოკუჩავა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განიხილება არა უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა, არამედ დროებით შეჩერება, იმ დრომდე, სანამ საქართველოს არ ეყოლება ისეთი ხელისუფლება, რომელიც გამოხატავს ხალხის ნებას ქვეყნის ევროინტეგრაციის შესახებ.
“ქვეყანაში არცერთი სახელმწიფო ინსტიტუტი არ დატოვა “ქართულმა ოცნებამ”, რომელიც არის დამოუკიდებელი. ამიტომ ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო საგამოძიებო სისტემა იმისთვის, რომ რეალურად ობიექტურობა [გარანტირებული იყოს] – ამაზეც იყო საუბარი. კონკრეტულად, რა ფორმა შეიძლება იყოს, ბუნებრივია, დღეს ვერ გადაწყდებოდა იმიტომ, რომ ჩვენ არც მანდატი გვაქვს [ამისთვის]. ფორმა ჩამოყალიბებული უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად”, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა, “გახარია – საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა.
კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ შეხვედრაზე ისაუბრეს პოტენციურ სანქციებზე.
“ამ უმსგავსობას, რაც “ქართულმა ოცნებამ” ჩაიდინა 26 ოქტომბერს და ახლა ცდილობს ლეგიტიმაციას, ამას მოჰყვება ძალიან მწარე ნაბიჯები ჩვენი ქვეყნისთვის, რაც არის ძალიან სამწუხარო. ამიტომაც არის აუცილებელი, რომ არ მოხდეს ამ მიტაცებული არჩევნების შედეგების ლეგიტიმაცია”, – განაცხადა ჯაფარიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
საქართველოში ჩამოსული არიან დიპლომატები ევროკავშირის წევრი რვა ქვეყნიდან – ფინეთიდან, პოლონეთიდან, შვედეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ლიეტუვიდან, ლატვიიდან და ესტონეთიდან.
ოპოზიციის ლიდერების გარდა, მათ უკვე გამართეს შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. მათთან შეხვედრაზე უარი თქვეს მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მათთან შეხვედრაზე უარი თქვა. დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ კი მათ უსაქმურები უწოდა.
საღამოს, 19:00 საათზე, პარლამენტთან დაგეგმილია აქცია, სადაც მოქალაქეები ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით შეიკრიბებიან. სავარაუდოა, რომ ევროპელი დიპლომატები შეუერთდებიან ამ აქციას.