ახალი ამბები

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“: არ ვაღიარებთ „მოპარული არჩევნების შედეგებს“

27 ოქტომბერი, 2024 •
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“: არ ვაღიარებთ „მოპარული არჩევნების შედეგებს“

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა ოპოზიციამ და კოალიცია „მოპარული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს“.

„ცესკომ შეასრულა ივანიშვილის ბინძური დაკვეთა და გამოაცხადა შედეგები, რომელიც აჩვენებს, რომ ოლიგარქმა ქართველ ხალხს გამარჯვება მოჰპარა და ამით მოჰპარა ევროპული მომავალი. ვაცხადებთ, რომ ჩვენ მოპარული და მიტაცებული არჩევნების შედეგებს არ ვიღებთ. ამ მოპარული და მიტაცებული შედეგის აღიარებას არ ვაპირებთ.

დიდი იმედი გვაქვს, რომ ამგვარი პოზიცია იქნება სრულიად ოპოზიციურ ველზე. მიგვაჩნია, რომ ხალხის მოპოვებული გამარჯვება ეკუთვნის ქვეყანას და ოპოზიციას, რომელსაც ნდობის მანდატი მისცა ხალხმა და არა ერთეულ პარტიას.

ვიბრძოლებთ, როგორც არასდროს და არ შევეგუებით მოპარული არჩევნების შედეგებს. უკვე შევხვდით მომავალ კოალიციურ პარტნიორებს და დარწმუნებული ვარ, შემდეგი მთავრობა იქნება კოალიციური. დარწმუნებული ვარ, უახლოეს საათებში გავაკეთებთ განცხადებას, თუ როგორ ვმოქმედებთ ამ შედეგის დასაცავად, რომელიც იყო დიდი გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი