ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ატლანტიკური საბჭოს ქართველის თანამშრომლის, სოფო გელავას ადვოკატის თქმით, მის სახლში ჩხრეკა უკანონოდ ტარდება.
“ეს ჩხრეკა არის უკანონო, იმიტომ, რომ ის განჩინება, რომლის საფუძველზეც ჩატარდა, უკანონოა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მოახერხა, ჩხრეკის ნებართვა მისცა ისე, რომ არც კი ჩაწერა, რა არის ძებნის საგანი. არადა, ეს აუცილებელი კომპონენტია. გამომძიებლებმა ზეპირად იცოდნენ, რომ ეძებდნენ ციფრულ მატარებლებს. ამოღებული იქნა მათ შორის იმ პირების კუთვნილი ტექნიკა, რომლებიც ნახსენები არ არიან ჩხრეკის განჩინებაში, მათ შორის არასრულწლოვანის”, – ამბობს ადვოკატი შოთა თუთბერიძე.
ატლანტიკური საბჭოს (Atlantic Council) თანამშრომლის, სოფო გელავას სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გელავას ქმარი, პოლიტიკური პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ნონიაშვილი იუწყება.
“ჩემთან სახლში მიმდინარეობს ჩხრეკა – ამოღება. მიაქვთ ოჯახიდან ყველა დივაისი. ბავშვის ლეპტოპიც. ჩემიც. საფუძველი – Atlantic Council-თან დაკავშირებით რაღაც გამოძიება მიმდინარეობს, რომლის თანამშრომელიც სოფოა”, – წერს გიორგი ნონიაშვილი.
ნეტგაზეთის ინფორმაციით, ჩხრეკა მიმდინარეობს Atlantic Council-ის მეორე თანამშრომლის, ეთო ბუზიაშვილის სახლშიც.
ნეტგაზეთი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ცდილობს დაზუსტებას, რის გამო მიმდინარეობს გამოძიება და ჩხრეკა.