რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი ეხმაურება ცნობილი ამერიკული კვლევითი ცენტრის, ატლანტიკური საბჭოს ორი ქართველი თანამშრომლის, სოფო გელავას და ეთო ბუზიაშვილის საბანკო ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვას და ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება სწრაფად გადადის რუსული სტილის ავტორიტარიზმში.
“გავიგე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაყინა ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას საბანკო ანგარიშები ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. მიმაჩნია, რომ ეს არის საქართველოს ხელისუფლების პირდაპირი თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოებაზე. ასევე მიმაჩნია, რომ ეს არის თავდასხმა შეერთებული შტატების ინსტიტუტზე, რომელიც მათი დამსაქმებელია.
თუ ეს ფაქტი მომავალი მოვლენების ინდიკატორია, ცხადი ხდება, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება სწრაფად გადადის რუსული სტილის ავტორიტარიზმში. ხელისუფლებამ მათ საშუალება უნდა მისცეს, გააგრძელონ საკუთარი საქმიანობა შურისძიების შიშის გარეშე.
“მეგობარი აქტი” დასჯის საქართველოში კანონის უზენაესობის დამრღვევებს” ,- დაწერა ჯო უილსონმა “X”- ზე.
ცნობილი ამერიკული კვლევითი ცენტრის, ატლანტიკური საბჭოს ორ ქართველ თანამშრომელს, სოფო გელავას და ეთო ბუზიაშვილს საბანკო ანგარიშებზე წვდომა აქვთ შეზღუდული. ისინი ამბობენ, რომ ასეთი შეზღუდვა უკანონოა, რადგან ოფიციალური ყადაღა არ არსებობს.
24 ოქტომბერს, დილით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ატლანტიკური საბჭოს ორი ქართველი თანამშრომლის, სოფო გელავას და ეთო ბუზიაშვილის სახლებში შევიდა გასაჩხრეკად. სოფო გელავას ადვოკატის თქმით, მის სახლში ჩხრეკა უკანონოდ ჩატრდა.
ორივე მათგანი რუსული დეზინფორმაციის მხილების მიმართულებით მუშაობს.
ასევე გაჩხრიკეს თბილისში, ვაკე პლაზაში მდებარე ამერიკულ კომპანია Concentrix Georgia. Concentrix ტექნოლოგიებისა და მომსახურების სფეროში მომუშავე კომპანიაა, რომელიც კონსულტაციებს უწევს მსხვილ ბრენდებს 70-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის booking.com -ს .
ამერიკული ორგანიზაციის თანამშრომლების თქმით, საბანკო ანგარიშებზე წვდომა უკანონოდ აქვთ შეზღუდული