„თიბისი“ ბანკი არ აკონკრეტებს, რატომ შეეზღუდა ანგარიშებზე წვდომა ცნობილი ამერიკული კვლევითი ცენტრის, ატლანტიკური საბჭოს ორ ქართველ თანამშრომელს, სოფო გელავას და ეთო ბუზიაშვილს.
ბანკში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ მოქმედებენ არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ საზოგადოების ინტერესს კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, როდესაც ადგილი ჰქონდა თიბისი ბანკის მომხმარებლების მიმართ მომსახურების შეფერხებას. განვმარტავთ, რომ ბანკი მოქმედებს არსებული კანონმდებლობის, მათ შორის, კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად“, – აცხადებს „თიბისი“.
დღეს, 29 ოქტომბერს, ცნობილი გახდა, რომ გელავასა და ბუზიაშვილს ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ. ბანკში მათ კონკრეტულ მიზეზს არ უსახელებენ. რამდენიმე დღის წინ, ორივე მათგანის სახლებში ჩხრეკაც ჩატარდა.
“ჩხრეკიდან 4 დღის შემდეგ, სოფომ მაღაზიაში პური ვერ იყიდა. ასე გავიგეთ ახალი ამბავი. მისი პირადი ანგარიშები და ბარათები გაჩერებულია. აღმოჩნდა, რომ ეთოსაც იგივე პრობლემა აქვს.
“გუშინდელი საღამოდან თიბისი-სთან და საქართველოს ბანკთან ვარკვევთ, თუ რატომ. პასუხი არ არის. “ვარკვევთ”, “არ ვიცით, რაღაც ხარვეზი იქნება”. თითქოსდა პატარა პრობლემაა. ბანკებში წერილობით ახსნა-განმარტების გაცემაზე და საფუძვლის დასახელებაზეც უარს ამბობენ. თიბისის ფილიალის მენეჯერი, როგორც კი მტკიცებულებებისთვის გადაღება დავიწყეთ, თავისივე ბანკის ოთახიდან გაგვექცა. ბანკში საათები გავატარეთ. “დაგველოდეთ…დაგველოდეთ, ავალთ, ჩამოვალთ…” მერე ისევ. უსასრულო გაწელვა 6 საათამდე.”
მისივე თქმით, ანგარიშებზე წვდომა უკანონოდ აქვთ შეზღუდული, რადგან ოფიციალური ყადაღა არ არსებობს:
“ოფიციალურად ყადაღა არ ადევს ანგარიშებს, რაც ნიშნავს, რომ უსაფუძვლოდ და უკანონოდ შეზღუდულია წვდომა და საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ სახელმწიფოს არაფორმალური ინსტრუქტაჟით.
გვუბნებიან, რომ ანგარიშები გააჩერეს, თუმცა, რა საფუძვლით, ამაზე პასუხს ვერ გაგვცემენ. ვერც იმას, ვინ გადაწყვიტა ეს და ვისი პასუხისმგებლობაა. დალოდების საათები კი არ სრულდება. თუ თიბისი და საქართველოს ბანკი ვერ ხვდებიან, რომ მნიშვნელოვანი რეპუტაციული ზიანი შეიძლება მიიღონ ამ “ბესპრედელის” გამო (ქვეყნის გარეთაც) – გავაგებინებთ”, – აღნიშნავს გიორგი ნონიაშვილი, სოფო გელავას მეუღლე.
ეთო ბუზიაშვილის ადვოკატი ანა გახოკიძე ამბობს, რომ არც ბანკებიდან და არც სახელმწიფო უწყებებიდან აქვს ინფორმაცია, თუ რატომ შეეზღუდათ წვდომა ანგარიშებზე:
“ბანკები აცხადებენ, რომ არ იციან, რატომ არ აქვთ ანგარიშებზე წვდომა. ერთი ის იციან, რომ ყადაღა არ ადევს და, შესაბამისად, სამართლებრივი საფუძველიც არ არსებობს. სახელმწიფო აქამდე საზღვარზე უკანონოდ აწითლებდა ადამიანებს, ახლა სავარაუდოდ ბანკებისაც ავალებს გაწითლებას ერთი ზარით. მე, როგორც ეთერ ბუზიაშვილის ადვოკატს, არ მაქვს არც სახელმწიფო უწყებებიდან და არც ბანკებიდან პასუხი, რა სამართლებრივი საფუძვლით ხდება ადამიანის დევნა, ღირსების უფლების შეზღუდვა და ფინანსებზე წვდომა.”








