ახალი ამბები

ამერიკული ორგანიზაციის თანამშრომლების თქმით, საბანკო ანგარიშებზე წვდომა უკანონოდ აქვთ შეზღუდული

29 ოქტომბერი, 2024 •
ამერიკული ორგანიზაციის თანამშრომლების თქმით, საბანკო ანგარიშებზე წვდომა უკანონოდ აქვთ შეზღუდული

ცნობილი ამერიკული კვლევითი ცენტრის, ატლანტიკური საბჭოს ორ ქართველ თანამშრომელს, სოფო გელავას და ეთო ბუზიაშვილს საბანკო ანგარიშებზე წვდომა აქვთ შეზღუდული. ამის შესახებ ფეისბუკზე გელავას ქმარმა, გიორგი ნონიაშვილმა დაწერა.

გიორგი ნონიაშვილის თქმით, ბანკები წერილობითი განმარტების გაცემაზე უარს ამბობენ:

“ჩხრეკიდან 4 დღის შემდეგ, სოფომ მაღაზიაში პური ვერ იყიდა. ასე გავიგეთ ახალი ამბავი. მისი პირადი ანგარიშები და ბარათები გაჩერებულია. აღმოჩნდა, რომ ეთოსაც იგივე პრობლემა აქვს.

“გუშინდელი საღამოდან თიბისი-სთან და საქართველოს ბანკთან ვარკვევთ, თუ რატომ. პასუხი არ არის. “ვარკვევთ”, “არ ვიცით, რაღაც ხარვეზი იქნება”. თითქოსდა პატარა პრობლემაა. ბანკებში წერილობით ახსნა-განმარტების გაცემაზე და საფუძვლის დასახელებაზეც უარს ამბობენ. თიბისის ფილიალის მენეჯერი, როგორც კი მტკიცებულებებისთვის გადაღება დავიწყეთ, თავისივე ბანკის ოთახიდან გაგვექცა. ბანკში საათები გავატარეთ. “დაგველოდეთ…დაგველოდეთ, ავალთ, ჩამოვალთ…” მერე ისევ. უსასრულო გაწელვა 6 საათამდე.”

მისივე თქმით, ანგარიშებზე წვდომა უკანონოდ აქვთ შეზღუდული, რადგან ოფიციალური ყადაღა არ არსებობს:

“ოფიციალურად ყადაღა არ ადევს ანგარიშებს, რაც ნიშნავს, რომ უსაფუძვლოდ და უკანონოდ შეზღუდულია წვდომა და საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ სახელმწიფოს არაფორმალური ინსტრუქტაჟით.

გვუბნებიან, რომ ანგარიშები გააჩერეს, თუმცა, რა საფუძვლით, ამაზე პასუხს ვერ გაგვცემენ.  ვერც იმას, ვინ გადაწყვიტა ეს და ვისი პასუხისმგებლობაა. დალოდების საათები კი არ სრულდება. თუ თიბისი და საქართველოს ბანკი ვერ ხვდებიან, რომ მნიშვნელოვანი რეპუტაციული ზიანი შეიძლება მიიღონ ამ “ბესპრედელის” გამო(ქვეყნის გარეთაც) – გავაგებინებთ” ,- აღნიშნავს გიორგი ნონიაშვილი.

ეთო ბუზიაშვილის ადვოკატი ანა გახოკიძე ამბობს, რომ არც ბანკებიდან და არც სახელმწიფო უწყებებიდან აქვს ინფორმაცია, თუ რატომ შეეზღუდათ წვდომა ანგარიშებზე:

“ბანკები აცხადებენ, რომ არ იციან, რატომ არ აქვთ ანგარიშებზე წვდომა. ერთი ის იციან, რომ ყადაღა არ ადევს და, შესაბამისად, სამართლებრივი საფუძველიც არ არსებობს. სახელმწიფო აქამდე საზღვარზე უკანონოდ აწითლებდა ადამიანებს, ახლა სავარაუდოდ ბანკებისაც ავალებს გაწითლებას ერთი ზარით. მე, როგორც ეთერ ბუზიაშვილის ადვოკატს, არ მაქვს არც სახელმწიფო უწყებებიდან და არც ბანკებიდან პასუხი,  რა სამართლებრივი საფუძვლით ხდება ადამიანის დევნა, ღირსების უფლების შეზღუდვა და ფინანსებზე წვდომა.”

ნეტგაზეთი ცდილობს თიბისი ბანკთან და საქართველოს ბანკთან გაარკვიოს, თუ რატომ არ აქვთ წვდომა ანგარიშებზე. საქართველოს ბანკში ვითარების გარკვევას დაგვპირდნენ.

24 ოქტომბერს, დილით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ატლანტიკური საბჭოს ორი ქართველი თანამშრომლის, სოფო გელავას და ეთო ბუზიაშვილის სახლებში შევიდა გასაჩხრეკად. სოფო გელავას ადვოკატის თქმით, მის სახლში ჩხრეკა უკანონოდ  ჩატრდა.

ორივე მათგანი რუსული დეზინფორმაციის მხილების მიმართულებით მუშაობს.

ასევე გაჩხრიკეს თბილისში, ვაკე პლაზაში მდებარე ამერიკულ კომპანია Concentrix Georgia. Concentrix ტექნოლოგიებისა და მომსახურების სფეროში მომუშავე კომპანიაა, რომელიც კონსულტაციებს უწევს მსხვილ ბრენდებს 70-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის booking.com -ს .

მასალების გადაბეჭდვის წესი