დედაქალაქის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე არც უარყოფს და არც ადასტურებს აშშ-ის მხრიდან მის დასანქცირებას.
ამის შესახებ კახა კალაძემ მედიასთან შეხვედრისას ისაუბრა, როცა პირდაპირ დაუსვეს კითხვა, არის თუ არა დასანქცირებული.
„ხომ გვითხრეს, რომ დასანქცირებულები ხართ 60 ადამიანიო. პირადად ჩემთვის არ უთქვამთ, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს. გულწრფელად გეუბნებით, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“, — უპასუხა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ არის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსანი, რომელიც დასანქცირებულია.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 16 სექტემბერს გამოაცხადა, რომ სავიზო სანქციებს დაუწესებს საქართველოს 60 მოქალაქეს – მთავრობის, ბიზნესისა და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს, საქართველოში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის“.
„სანქცირებულთა შორის არიან მთავრობის, ასევე მუნიციპალური დონის მაღალჩინოსნები, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს ძალაუფლება ქართველი ხალხისთვის ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვისთვის; ბიზნეს-ლიდერები, რომლებიც ჩართულნი არიან კორუფციულ პრაქტიკებში; პირები, ვინც ავრცელებდნენ დეზინფორმაციას და პროპაგანდას უწევდნენ ძალადობრივ ექსტრემიზმს; ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ მომიტინგეების ცემაში; პარლამენტის წევრები, რომლებმაც უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშეს არადემოკრატიული კანონმდებლობის მიღებასა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაში“, — ნათქვამი იყო სახდეპის განცხადებაში.