პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ემიგრანტებს მიმართავს, რომ მიუხედავად არსებული სირთულეებისა, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ.

პრეზიდენტის თქმით, ეს არჩევნები ქვეყნისთვის გადამწყვეტია და ახლა ემიგრანტების  ხელშიცაა საქართველოს ხვალინდელი მომავალი.

„მოგმართავთ თქვენ, დიასპორის წევრებო, ჩემო თანამემამულეებო, მე მინდა გითხრათ, რომ თქვენს ხელშია საქართველოს ხვალინდელი მომავალი. თქვენს ხელში, ჩემს ხელში, ჩვენს ხელში. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, საქართველო იქნება ნამდვილად დამოუკიდებელი, ევროპული, თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა თუ დაუბრუნდება გაურკვეველ წარსულს, რუსეთის და მის გავლენას, სადაც თქვენ და თქვენი შვილები, ალბათ, არ ჩამოხვალთ, არ დაბრუნდებით და არც გექნებათ სურვილი დაბრუნდეთ.

ეს არჩევნები არის გადამწყვეტი და თქვენ უნდა მიიღოთ მონაწილეობა. მე ვიცი, თუ რამდენად გართულდა მონაწილეობის მიღება. სამწუხაროდ, უბნები არ გაგვიხსნეს, მაგრამ ამის მიუხედავად ვიცი, რომ თქვენ მზად ხართ, აქტიურად მიიღოთ მონაწილეობა.

როგორც გუშინ გამოხვედით და გულშემატკივრობდით ჩვენს ფეხბურთელებს, გადალახეთ საზღვრები, ჩახვედით იმისთვის, რომ ქართული დროშა გამოგეჩინათ, ასევე, ვიცი, რომ 26 ოქტომბერს წახვალთ, სადაც არ უნდა იყოს, თუნდაც შორს იყოს [საარჩევნო უბანი], ერთმანეთს გამოუჩენთ სოლიდარობას და ყველანი ერთად დავდგებით იქ, სადაც დგას საქართველოს მომავალი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პარლამენტის არჩევნებისთვის ცესკო საზღვარგარეთ მხოლოდ 60 საარჩევნო უბნის გახსნას განიხილავს.

ცესკოს ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული განახლებული მონაცემების მიხედვით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ საკონსულო აღრიცხვაზე 65 508 საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე იმყოფება. ამ მონაცემებზე დაყრდნობით ცესკო დღეს განიხილავს 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბნის გახსნის საკითხს.

ცესკოს ცნობით, წელს საარჩევნო უბნები გაიხსნება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ფინეთის რესპუბლიკაში, კორეის რესპუბლიკაში, იაპონიასა და ავსტრალიის თანამეგობრობაში, სადაც საარჩევნო უბნები არ იყო წინა საპარლამენტო არჩევნებზე, ან ზოგადად არც ერთ წინა არჩევნებზე.

დეტალურ ინფორმაციას, კონკრეტულად რომელ ქვეყნებში გაიხსნება საარჩევნო უბნები, ცესკო დღეს, 26 სექტემბერს, სხდომის დასრულების შემდეგ გაასაჯაროებს.

რაც შეეხება საზღვარგარეთ მყოფ იმ მოქალაქეებს, ვინც ამ დრომდე არაა საკონსულო აღრიცხვაზე, თუმცა არჩევნებში  მონაწილეობა სურთ, მათ ამის გაკეთება ისევ შეუძლიათ. იმისათვის, რომ არჩევნებში მონაწილეობა შეძლონ, ისინი საკონსულო აღრიცხვაზე უნდა დადგნენ არაუგვიანეს 2024 წლის 7 ოქტომბრისა.

თუმცა საკონსულო აღრიცხვის შესახებ განაცხადის განხილვის ვადა  5 სამუშაო დღეა. შესაბამისად, უმჯობესია, რომ უცხოეთში მყოფმა მოქალაქეებმა, რომელთაც არჩევნებში მონაწილეობა სურთ, საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა სექტემბრის ბოლომდე მოითხოვონ.

გარდა ამისა, უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ასევე შეუძლიათ, არაუგვიანეს 2024 წლის 7 ოქტომბრისა რეგისტრაცია გაიარონ მათ ადგილსამყოფელ ქვეყანაში შექმნილ საარჩევნო უბანზე, რომელიც, არსებული პრაქტიკით, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში იხსნება.


ქართველი ემიგრანტები გასული წლიდან მოყოლებული ითხოვდნენ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები გაეხსნათ უცხოეთის იმ ქალაქებში,  სადაც აქამდე არ ყოფილა. ამ მოთხოვნით ისინი ხელმოწერებს აგროვებდნენ და საგარეო საქმეთა სამინისტროში აგზავნიდნენ, უწყება კი მათ მიმართვებს არ პასუხობდა.

Როგორც წესი, სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში იხსნება ანუ ძირითადად ამა თუ იმ ქვეყნის დედაქალაქში.

ემიგრანტებს კი, რომლებიც მათ ადგილსამყოფელ ქვეყანაში დედაქალაქებისაგან შორს ცხოვრობენ, არჩევნებში მონაწილეობა უჭირთ, რადგან საარჩევნო უბნამდე მისაღწევად დიდი დრო და შესაბამისი ფინანსები სჭირდებათ.