ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით, „Edison Research“-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ 34%-იანი მხარდაჭერა აქვს. თუმცა,ოპოზიციური პარტიების ჯამური რეიტინგი „ოცნებისას“ ბევრად აღემატება. გარდა ამისა, გამოკითხვის თანახმადვე, 71% თვლის, რომ არჩევნებზე შანსი სხვა პარტიას უნდა მიეცეს.
კვლევის ფარგლებში, გამოკითხულებს ჰკითხეს, ვის მისცემდნენ ხმას, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს. შედეგები, „ფორმულას“ ცნობით, შემდეგია [აღნიშნულია, რომ შედეგები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით]:
- ქართული ოცნება – დემოკრატიული მოძრაობა – 34%
- ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო – 19.2%
- გახარია – საქართველოსთვის – 10.6%
- ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები – 9.8%
- ახალი ერთობა გვარამია მელია – 9.1%
- გირჩი (იაგო ხვიჩია) – 5.9%
- ლეიბორისტული პარტია – 5.1%
- პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო – 3%
- ჩვენ – დავით ქაცარავა – 2.1%
- სხვა პარტიები – 1.2%
რაც შეეხება პარტიების მიმართ ლოიალობას, 73% ამბობს, რომ თავის არჩევანში დარწმუნებულია, 27% კი ფიქრობს, რომ შეიძლება, მისი არჩევანი შეიცვალოს. გარდა ამისა, გამოკითხულთა 79,6% ამბობს, რომ არჩევნებზე წავა.
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. შესაძლო ცდომილება არის +/–2.5% საქართველოს მასშტაბით და +/– 2.5 % თბილისისთვის, 95%-იანი ნდობის ინტერვალისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 29 აგვისტო – 8 სექტემბრის შუალედში.