ახალი ამბები

ზურაბიშვილი მეორე ვადით პრეზიდენტობას განიხილავს

10 სექტემბერი, 2024 •
ზურაბიშვილი მეორე ვადით პრეზიდენტობას განიხილავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Le Figaro-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ მზადაა დიდი პასუხისმგებლობა აიღოს, მათ შორის განიხილავს მეორე ვადით პოსტზე დარჩენასაც.

ზურაბიშვილის თქმით, მისი მიზანი საქართველოს ევროპულ გზაზე დაბრუნებაა და თუ მის მიერ შეთავაზებული ქარტია ამოქმედდება, მზადაა იყოს მომლაპარაკებელი ქვეყნის ევროპელ პარტნიორებთან:

„მზად ვარ ავიღო დიდი პასუხისმგებლობა, მათ შორის მეორე ვადით, რათა საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ გზას. თუ ჩემ მიერ შეთავაზებული ქარტია ამოქმედდება, მზად ვარ ვიყო მომლაპარაკებელი ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან“ ,— ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ „ქართული ქარტია“ ეფუძნება,  ბოლო ორი წლის განმავლობაში, ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის მინიჭების ფარგლებში საქართველოსთვის წარდგენილ ევროპულ რეკომენდაციებს:

„რეკომენდაციები, რომლებიც ეხება მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას და ზოგადად, ქვეყნის ყველა ინსტიტუტს, ,,საარჩევნო კოდექსის“ რეფორმას. ის ითვალისწინებს ბოლო წლებში მიღებული ისეთი კანონების გაუქმებას, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირთან დაახლოებას, უგულებელყოფს ,,საქართველოს კონსტიტუციის“ 78-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ინსტიტუტებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ უზრუნველყონ საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში.

იდეა ისაა, რომ მომავალი გაზაფხულისთვის შესაძლებელი იყოს ევროკავშირისათვის იმის ჩვენება, რაც გაკეთდა რეკომენდაციების დასაკმაყოფილებლად, რათა მივიღოთ წევრობის მოლაპარაკებების გახსნის უფლება”, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილი ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა ცდილობს ქვეყანა ევროპას მოჰკვეთოს და რუსეთის პროტექტორატის ქვეშ მოაქციოს. პრეზიდენტის თქმით, გასულ გაზაფხულს მოსახლეობამ მასობრივი დემონსტრაციებით უარი თქვა რუსულ კანონსა და იმ მიმართულებაზე, რომლის თავს მოხვევასაც ცდილობენ. ზურაბიშვილის თქმით, ქართველმა ხალხმა ახლა ეს არჩევნებზე უნდა დაამტკიცოს.

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მე-5 და პირდაპირი წესით არჩეული ბოლო პრეზიდენტია. 2024 წლიდან პრეზიდენტს ხმოსნები აირჩევენ.

ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომიდან 45 დღის განმავლობაში პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი აირჩევა არა ხალხის პირდაპირი საარჩევნო უფლებით, არამედ საარჩევნო კოლეგიის მიერ. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში შევა 300 წევრი, მათ შორის საქართველოს პარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი.

საარჩევნო კოლეგიის სხვა წევრებს, ცესკოს მიერ ორგანული კანონის საფუძველზე განსაზღვრული კვოტების შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან შესაბამისი პოლიტიკური პარტიები ასახელებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი