ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაჰერტი საქართველოს პარლამენტის წევრებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ კანონპროექტის დამტკიცებისგან, რომელიც ცენზურას აწესებს და ლგბტ ადამიანებს უფლებებს უზღუდავს.
ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელიც ადამიანის უფლებათა კომისარმა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს 6 სექტემბერს გამოუგზავნა.
როგორც წერილშია აღნიშნული, კანონპროექტი უზრუნველყოფს ლგბტქ ადამიანების დისკრიმინაციის სამართლებრივ საფუძველს და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას.
ადამიანის უფლებათა კომისრის განცხადებით, ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ ისეთი ზომები, როგორიცაა შეკრების აკრძალვა და ლგბტქ პირებთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვა, დისკრიმინაციულია და არღვევს ლგბტქ ადამიანების შეკრების თავისუფლების უფლებას.
ადამიანის უფლებათა კომისარი პაპუაშვილისათვის გაგზავნილ წერილში იშველიებს მსგავს კანონებთან დაკავშირებით ევროპული სასამართლოს დასკვნებს და აღნიშნავს, რომ „ასეთი კანონების მიღებით ხელისუფლება აძლიერებს სტიგმას და ცრურწმენებს და ხელს უწყობს ჰომოფობიას, რომელიც შეუთავსებელია თანასწორობის, პლურალიზმისა და ტოლერანტობის ცნებებთან, რომლებიც თან ახლავს დემოკრატიულ საზოგადოებას“.
„[ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს კარგად დამკვიდრებული პრეცედენტული სამართლის თანახმად, დემოკრატიული საზოგადოება უარყოფს სექსუალურ ორიენტაციაზე დაფუძნებულ ნებისმიერ სტიგმატიზაციას. ასეთი საზოგადოება აგებულია ინდივიდთა თანაბარ ღირსებაზე და ინარჩუნებს მრავალფეროვნებას, რომელსაც აღიქვამს არა როგორც საფრთხეს, არამედ როგორც გამდიდრების წყაროს“, – ნათქვამია ადამიანის უფლებათა კომისრის წერილში.
ამასთან, ადამიანის უფლებათა კომისარი აცხადებს, რომ კანონპროექტში სექსუალურ ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის პარალელურად ინცესტის ხსენება აძლიერებს ლგბტქ ადამიანების მიმართ სტიგმატიზებას და დისკრიმინაციას.
„მე ასევე პატივისცემით ვთხოვ პარლამენტის წევრებს, თავი შეიკავონ რიტორიკის გამოყენებისგან, რომელიც ლგბტქ პირების სტიგმატიზებას ახდენს, მათ შორის თანაბარი უფლებების მოპოვების მიზნით ლეგიტიმური ძალისხმევის „პროპაგანდად“ წარმოჩენისგან“, – ნათქვამია წერილში.
4 აგვისტოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული ჰომოფობიური საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ცენზურას აწესებს და ლგბტ ადამიანებს უფლებებს უზღუდავს. საკანონმდებლო პაკეტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა.
„ოცნება“ ამტკიცებს, რომ ჰომოფობიურის საკანონმდებლო პაკეტის მიზანი ქალისა და კაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვაა.
აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი არის „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული საკონსტიტუციო ცვლილებების გაგრძელება, რომლითაც მმართველი პარტია აცხადებს, რომ „ლგბტ პროპაგანდას“ ებრძვის, რეალურად კი ლგბტ თემს უფლებებს უზღუდავს, ასევე -აწესებს ცენზურას. აღნიშნულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე კრიტიკული დასკვნა მოამზადა ვენეციის კომისიამ, რომელიც აღნიშნავს, რომ ცვლილებები გააღვივებს მტრულ დამოკიდებულებას ლგბტ ადამიანების მიმართ.
ამ თემაზე: