ახალი ამბები

პრეზიდენტი ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს 13 სექტემბერს საჯარო ღონისძიებაზე დააჯილდოებს

9 სექტემბერი, 2024 •
პრეზიდენტი ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს 13 სექტემბერს საჯარო ღონისძიებაზე დააჯილდოებს

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით 13 სექტემბერს, 19:00 საათზე, ათონელის ქუჩის მიმდებარედ, ორბელიანების სასახლის წინ სახალხო ზეიმი გაიმართება, სადაც სალომე ზურაბიშვილი ქართველ ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს დააჯოლდოვებს.

ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, მოქალაქეებს, რომლებიც ორბელიანების სასახლესთან ღონისძიებას შეუერთდებიან, ექნებათ შესაძლებლობა, მიულოცონ ქართველ სპორტსმენებს ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებზე გამარჯვება.

ღონისძიებას ექნება მუსიკალური ნაწილიც და საზოგადოების წინაშე ლელა წურწუმია და „ჩვენი ბენდი“ წარდგება.

პარალიმპიური თამაშების დასრულებამდე, 15 აგვისტოს, საქართველოს მთავრობამ ოლიმპიურ მედალოსნებს დახურულ ღონისძიებაზე უმასპინძლა. დაჯილდოების ცერემონია ცერემონიების სასახლეში (პრეზიდენტის ყოფილი სასახლე) შედგა.

ღონისძიებას არ დაესწრო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. სალომე ზურაბიშვილმა სპეციალური ბრიფინგი გამართა და დაასახელა ორი მიზეზი, რის გამოც არ სურდა მთავრობის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობა:

პირველ მიზეზად ზურაბიშვილი ასახელებდა იმას, რომ პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე მიღწეული წარმატება (7 მედალი და 24-ე ადგილი მსოფლიოში, რაც საქართველოსთვის ისტორიული მაჩვენებელია) სახალხო დღესასწაულია. შესაბამისად,  პრეზიდენტი მიიჩნევდა, რომ ის უნდა აღინიშნოს ხალხის მონაწილეობით “და არა სადღაც ჩაკეტილ სივრცეში, სადაც ხალხის გვეშინია”.

მაშინ სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ სახალხო ზეიმს თავად ჩაატარებს სექტემბერში.

მეორე მიზეზად პრეზიდენტმა პარალიმპიელები დაასახელა. მისი თქმით, როცა პარაოლიმპიადა ჯერ არც დაწყებულა, არ არის სწორი ძირითადი ოლიმპიადის პრიზიორების დაჯილდოება. ზურაბიშვილის თქმით, ეს დისკრიმინაციაა და სექტემბერში მის მიერ დაგეგმილ ზეიმზე ყველას ერთად ეპატიჟებოდა.

ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრების დახვედრა, ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნების შემდეგ, ღია სივრცეში, თავისუფლების მოედანზე გაიმართა. მას ათასობით ადამიანი დაესწრო. ზეიმისას მოხდა ინციდენტიც – როცა სცენაზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ავიდა, შეკრებილი მოქალაქეების ნაწილი მას შეძახილებითა და სტვენით შეხვდა, სალომე ზურაბიშვილს კი – ტაშით.

მასალების გადაბეჭდვის წესი