202-ე დღეა, შუქრუთელების უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. შიმშილობის 30 ღამე გავიდა. დღეს, სამშაბათს, პირველ ოქტომბერს, 19:00 საათიდან პარლამენტის წინ შუქრუთელების მხარდასაჭერად მორიგი სოლიდარობის აქციაა დანიშნული.
„ვისაც დღევანდელი საქართველო არ მოსწონს, მოდით. ყველამ უნდა ამოიღოს ხმა. ეს არ არის მარტო ჩვენი მხარდაჭერა. ვისაც პრეტენზია აქვს, რომ საქართველოს ჰქონდეს ნათელი ხვალინდელი დღე, უნდა მოვიდეს და ვანახოთ ყველას სათავეში, ვინც ყურს არ იბერტყავს ჩვენს ტანჯვა-წამებაზე, იმათაც, ვინც ამათ მხარს უჭერს, ამ არაადამიანებს, ვინც ჩვენს ქვეყანას ასე ეპყრობა, ვაჩვენოთ ამათ, რამდენი ვართ“, — ამბობენ შუქრუთელები.
აქციის დროს შუქრუთელები მსვლელობით აპირებენ ბიძინა ივანიშვილის „შუშის სასახლესთან“ მისვლას, „რათა კიდევ ერთხელ მოვთხოვოთ ცენტრალური მთავრობის ჩართულობა ჩვენი სოფლის გადასარჩენად“, — წერენ პროტესტის მონაწილეები.
გასულ ღამით შუქრუთელების პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე, პირამოკერილი დემონსტრანტი გიორგი ბიწაძე შიმშილობის 30-ე დღეს შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს. რამდენიმე საათში კლინიკიდან ის ისევ პარლამენტთან დაბრუნდა.
„29-ზე მქონდა შაქარი. იქ რა გააკეთეს, არ ვიცი. გადასხმები მედგა. სამსაათ-ნახევარი უნდა დაგტოვოთო, გონზე მოსვლის შემდეგ. მაგრამ უარი განვაცხადე და წამოვედი. გადასხმაზე რომ უარი განვაცხადე და წამოვედი, დაზღვევა გააუქმეს და გადახდა მომთხოვეს“, — ამბობს გიორგი ბიწაძე.
როგორც გიორგი ჰყვება, პარლამენტთან დაბრუნების შემდეგ შუქრუთელებს პოლიციასთანაც მოუვიდათ შელაპარაკება.
მოხალისეები ცდილობენ პროტესტის მონაწილეებს თბილი პლედებით და ლეიბებით დაეხმარონ. მაგრამ აქციის მონაწილეთათვის საძილე ტომრებისა და პლედის „შეტანას“ პოლიცია მკაცრად აკონტროლებს. შუქრუთელები ამბობენ, რომ პოლიცია მათ საძილე ტომრებისა და ლეიბების აღებას სთხოვს, აქ თქვენი სასტუმრო არ არისო.
„ყველაფერი საკმარისზე მეტი აქვთ, უკან წაიღეთ ან ჩამოგართმევთ“, — მიმართავს პოლიციელი ახალგაზრდა ქალს, თბილი პლედების მიწოდებას რომ ცდილობს პროტესტს შემატებული ხანდაზმული ქალებისთვის, რომელთაც საძილე ტომრები არ აქვთ.
„არაფერი ახალი მათგან. გვეჭიდავებიან და პროვოკაციაზე წამოგებას ცდილობენ, როგორც წინა დღეებში. ვაგრძელებთ ბრძოლას. სანამ გავძლებთ. თუ ვერ გავძლებთ, ქვეყანა ნახავს, რაც დაგვემართება“, — ამბობს გიორგი ბიწაძე.
შუქრუთელებს 24 აგვისტოსაც ჰქონდათ მცდელობა, რომ სოფელ ჭორვილაში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან მსვლელობით მისულიყვნენ და იქ აქცია გაემართათ. მაშინ მათ ჭორვილას შესასვლელში დახვდნენ, ადგილობრივების ნაწილმა, სამართალდამცავებთან ერთად, მათ წინსვლის საშუალებას არ მისცა.
შუქრუთელები წლებია ამბობენ, რომ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი” მადანს სოფლის მიწის ქვეშ მოიპოვებს, რის გამოც დასახლებას მიწის მთავარი საყრდენი გამოეცალა, რაც სახლების ნგრევის, ნიადაგის ჩავარდნის, მცენარეების უნაყოფობისა და ჭების ამოშრობის მიზეზი გახდა.
11 სექტემბრიდან ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლების ნაწილი დედაქალაქში ჩამოვიდა. პროტესტის თბილისში გადმოტანას წინ უძღოდა 6-თვიანი უწყვეტი პროტესტი ჭიათურის მუნიციპალიტეტში.
1 სექტემბერს ოთხმა შუქრუთელმა პირი ამოიკერა, მათთან ერთად კიდევ ხუთი ადგილობრივი შიმშილობს. მათი მოთხოვნა ხელისუფლებისადმი პროცესში ჩართვაა.
პროტესტის უკიდურესი ფორმის მიუხედავად, ხელისუფლება მათ არ ელაპარაკება.
პროტესტის მონაწილე მაღაროელები და ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისგან“ 2019-2021 წლის პროტესტის შედეგად მიღწეული შეთანხმების შესრულებას ითხოვენ. 2020 წელს, სოფელ შუქრუთის მოსახლეობასთან გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, კომპანიას წელიწადში 700 000 ლარიდან 1 000 000 ლარამდე უნდა გადაეხადა. „ჯორჯიან მანგანეზი“ ირწმუნება, რომ უკვე სამჯერ მეტი კომპენსაცია აქვს გაცემული. ადგილობრივების თქმით კი, კომპენსაცია მოსახლეობის მაქსიმუმ 5%-ს აქვს მიღებული.
წაიკითხეთ ამ თემაზე: